საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. კითხვაზე ხომ არ იქონიებს გავლენას 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობა და 11 ივლისს „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობასა და საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებაზე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი „ყველა ამ მოვლენას“ მხედველობაში მიიღებს და თბილისთან „დიალოგისას“ წამოჭრის.
სტანომ აღნიშნა, რომ საქართველომ თავად აიღო „ევროპული ღირებულებების განმტკიცების“ ვალდებულება, რაც ევროკავშირთან თანამშრომლობის „ერთობლივი საფუძველია“. „ამდენად, ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, მიუხედავად იმისა მიუკუთვნებიან ისინი უმცირესობის ჯგუფს, ეთნიკური, ენობრივი, ეროვნული, გენდერული თუ სექსუალური თვალსაზრისით… გარანტირებული, დაცული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს“, – ხაზი გაუსვა მანვე.
სტანომ ასევე დასძინა, რომ ევროკავშირმა უკვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ხელისუფლების ვალია.
„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე საუბრისას, საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტის გარდაცვალების გარემოებები „მკაფიოდ, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად იქნას გამოძიებული“.
ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა აღმოსავლელი პარტნიორებისთვის აღდგენის, მდგრადობისა და რეფორმების განახლებული დღის წესრიგი წარადგინა, 2.3 მლრდ ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გრანტებით და 17 მლრდ ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალით. აქედან 1.175 მლრდ ევრო საქართველომ გრანტის, 2.7 მლრდ ევრო კი – სესხის სახით უნდა მიიღოს.