საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი აღნიშნული ე.წ. აღლუმის; ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სხვა ღონისძიებებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატად, არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე, 3 დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყოველგვარი შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ ამ კვირეულს. არავითარი შეფერხება და აგრესია არ ყოფილა, პოლიციამ ყველაფრის პრევენცია მოახდინა. მაგრამ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, იძულებული ვართ, ამას ანგარიში გავუწიოთ. ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როგორც უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როდესაც მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.