უცხოეთი
ტრამპი ბრალს სდებს: ბაიდენი თალიბებს მილიარდობით დოლარის იარაღს უტოვებს

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. როგორც ამერიკის ყოფილი ლიდერი აცხადებს, თავად მას ავღანეთიდან თითოეული ლურსმნის გამოტანაც კი უნდოდა.

აშშ-ის ჯარები ავღანეთში მილიარდობით დოლარის შეიარაღებასა და აღჭურვილობას ტოვებენ, რაც რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ხელში ხვდება, განაცხადა ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ამაში ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დასდო ბრალი.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა აშშ-ის კონსერვატიული წრეების კონფერენციაზე გააკეთა დალასში (ტეხასის შტატი).

„[ბაიდენი] მილიარდობით დოლარის აღჭურვილობას ტოვებს. მე ვეუბნებოდი გენერლებს, რომ თითოეული ლურსმნის დაბრუნება მინდოდა, რომ მინდოდა დამებრუნებინა ყველა ტანკი. ამის მაგივრად ახლა „თალიბანი“ აღლუმებს აწყობს ჩვენი იარაღით, რომელიც ჯო ბაიდენმა დაუტოვა მათ. ეს სამარცხვინოა“, — თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტმა ამერიკის მოქმედი ლიდერი მიგრანტებთან დაკავშირებით წარუმატებელ პოლიტიკაშიც დაადანაშაულა, რომლებიც მასობრივად დაიძრნენ სამხრეთ საზღვრებისკენ და არალეგალურად კვეთენ მას, ასევე დანაშაულის ზრდასა და საერთაშორისო არენაზე ამერიკის პოზიციების შესუსტებაშიც.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დასკვნით, პრობლემების აღმოსაფხვრელად ქვეყნის სათავეში რესპუბლიკელები უნდა დაბრუნდნენ.

„რესპუბლიკური პარტია თქვენი დახმარებით დაიბრუნებს გამარჯვებას. და ეს იქნება უდიდესი გამარჯვება პარტიის ისტორიაში. ჩვენ დავიბრუნებთ წარმომადგენელთა პალატას, ჩვენ დავიბრუნებთ სენატს, ჩვენ დავიბრუნებთ სახელოვან თეთრ სახლს“, — მიმართა ტრამპმა კონფერენციის მონაწილეებს.

როგორც ივლისის დასაწყისში განაცხადეს პენტაგონში, აშშ-ის და ნატოს კონტინგენტმა ბაგრამის ბაზა დატოვა. როგორც მაშინ ამერიკული მედია იუწყებოდა, ამის შესახებ ავღანეთის ხელისუფლება წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ამერიკელ სამხედროებს, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, ავღანეთის ხელისუფლებისთვის არ უცნობებიათ ჯარების დისლოკაციის შეცვლის თაობაზე, და რომ ამგვარი გაფრთხილება „უპასუხისმგებლობა იქნებოდა“.

sputnik-georgia.com