რვა ოპოზიციური პარტია ხელისუფლებისაგან მოითხოვს, მაისის ბოლომდე მათ საარჩევნო შეთავაზებებზე ხელისუფლებამ „წერილობითი პასუხი“ გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლაპარაკების „ჩაშლასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მიხეილ სააკაშვილს“.
„მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს უღირსი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და ხელი შეუწყოს საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას დადგენილი წესით დადგენილ ვადებში. ამისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლებამ მაისის ბოლომდე, როგორც ეს პროცესის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განისაზღვრა, გაგვცეს კონკრეტული წერილობითი პასუხები ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე, პირველ რიგში, ამომრჩეველთა აღრიცხვისა და საარჩევნო სისტემის მოდელებზე“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რვა ოპოზიციურმა პარტიამ 12 მაისს გააკეთა.მათი განცხადებით, „რვიანის“ „სწორი ტაქტიკის“ გამო „სააკაშვილის გუნდი“ პროცესის მისთვის სასურველი შედეგით დასრულებას ვერ ახერხებს და, ოპოზიციასთან შეთანხმების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, „არ უბრუნდება საარჩევნო მოლაპარაკების მაგიდას“.
„ამგვარ მძიმე ვითარებაში აღმოჩენილი მმართველი რეჟიმი ოპოზიციური „რვიანის“ სამართლიანი მოთხოვნებისაგან თავის დასახსნელად ხელს უწყობს მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნიჰილიზმის გაღვივებას და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა, დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება იმით, რომ „ჩვენთან არ მოდის მოლაპარაკებებზე, ხელს უწყობს რევოლუციურ განწყობებს“.
„ერთხელ და სამუდამოდ დაფიქრდნენ, რა გველის წინ და, აქედან გამომდინარე, იფიქრონ იმ კომპრომისზე, რომელიც აუცილებელია საარჩევნო კოდექსში“, – განაცხადა მან.
ოპოზიციური „რვიანი“ აცხადებს, რომ შეთანხმებების მიღწევას „საჯარო და გამჭვირვალე მოლაპარაკების გზით“ მოითხოვს, რომლის შემდგომი პერსპექტივაც მაისის ბოლოს განისაზღვრება.
„როცა მაისის ბოლოს იქნება ყველაფერზე უარი ან რაღაცაზე ჰო და რაღაცაზე არა, ის იქნება მოცემულობა, რით დასრულდა მოლაპარაკებების მეორე ეტაპი, – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ, – მაისის ბოლოს თუ ყველაფერი დამთავრდა ნულით, ანუ არ იქნა შეხების წერტილები, ბუნებრივია, რომ გაგრძელება ვეღარ ექნება მოლაპარაკებას“.
„ჩვენ თუ შეთანხმებებს ვერ მივაღწიეთ მაისის ბოლომდე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, საქართველოში გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო“, – განაცხადა ირაკლი ჩოქოვანმა, ირაკლი ალასანიას პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“.
ოპოზიციური „რვიანი“ აცხადებს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, „ყველა კონსტიტუციური საშუალების გამოყენებით“ გააგრძელებს „ბრძოლას საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“.
„სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გავშლით პოლიტიკურ კამპანიას მთელ საქართველოში“, – აცხადებს კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური.