საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში, ამიტომ იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩმა თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენები შეაფასა და ამ დღეს „საქართველოსთვის იმედგაცრუების დღე“ უწოდა.
„ეს ძალიან სამწუხარო, სევდიანი დღე იყო საქართველოსთვის. აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში. ამიტომ, იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ეს ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა არც ერთ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის და ბევრმა ადამიანმა უკვე გააკეთა კომენტარი. თუ რაოდენ განსაცვიფრებელი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანამ, რომელიც ზოგადად ცნობილია ადამიანის უფლებები დაცვით, ტოლერანტობით, უკან დაიხია ამ ღირებულებების კუთხით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ ხელი ძალადობას.
„ველოდებოდით, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, ის მთავარ როლს შეასრულებდა სიტუაციის დაწყნარებაში და დაგმობდა ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ჟურნალისტების მიმართ. ამიტომ, სამწუხარო იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.