პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ევროპის საბჭოს 121-ე მინისტერიალის თაობაზე
euro-union2011 წლის 11 მაისს სტამბოლში გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 121-ე შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ევროპული თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, აქტიური მონაწილეობა მიიღო მინისტერიალის მუშაობაში. 
აღნიშნულ შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს მინისტერიალის დღის წესრიგში „ევროპის საბჭოსა და საქართველოს კონფლიქტის“ საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას. სათანადოდ იქნა შეფასებული 2008 წელს რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების საქმეში ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი. აღნიშნულ კონტექსტში მინისტერიალს წარედგინა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის „მესამე კონსოლიდირებული მოხსენება“ საქართველოში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული მოხსენების თაობაზე მინისტრებმა მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომით გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების მიმართ გამოხატულ ყურადღებას და ორგანიზაციის ნებას, ჩართული იყოს ნდობის აღდგენის პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა ოკუპირებულ რეგიონებში აუცილებელი პირობაა ადგილზე უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შესაქმნელად და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სინანულით აღნიშნავს, რომ მიუხედავად თურქეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის და საქართველოს დელეგაციის ძალისხმევისა, მინისტრებმა ვერ შეძლეს პოლიტიკური დეკლარაციის მიღება. მოულოდნელობას არ წარმოადგენს, რომ აღნიშნულის მიზეზი გახდა რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული მიდგომა და მისი უუნარობა, საერთაშორისო სამართალთან და ევროპის საბჭოს პრინციპებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს საკუთარი, გაუმართლებლად ხისტი, არარაციონალური და პოლიტიკურად მოტივირებული პოზიცია. სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ რუსეთის ფედერაცია, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს აგრესორს და ოკუპანტ ძალას, გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტური მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაღალ შეფასებას აძლევს ევროპის საბჭოში თურქეთის დასრულებულ თავმჯდომარეობას და უსურვებს უკრაინას, რომელიც გააგრძელებს თავმჯდომარეობას, განახორციელოს წარმატებული და გონივრული ხელმძღვანელობა ამ მეტად მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში.