საზოგადოება
მეუფე შიო ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მეუფე შიო და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმყოფებოდნენ.

მეუფე შიომ რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით კი, შეხვედრას არ ესწრებოდა და განხილულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.

მისივე განმარტებით, ასევე არ იცის, რომელი მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, შეიძლება თუ არა, შეხვედრის მიზეზი ყოფილიყო საპატრიარქოს ინიციატივა, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღებას გულისხმობს.

რაც შეეხება კითხვას, „რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, თუ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში?“, – ჯაღმაიძის განმარტებით, ამაზე იურისტებმა უნდა იმსჯელონ.

„ძალიან რთული დეფინიციაა, ძალიან რთული განსასაზღვრია და ამაზე უნდა მოიკრიბოს ალბათ საერთაშორისო გამოცდილება და იურისტებმა იმსჯელონ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ, რომელიც განმარტავს, რომ ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენელთან ჯერ კონსულტაცია არ ჰქონიათ.

კითხვაზე, “მსგავსი ტიპის კანონი გარკვეულწილად ხომ არ შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს“, – ჯაღმაიძე პასუხობს, რომ ოპტიმალური გამოსავალი უნდა მოინახოს.

„ზოგადად რთული საკითხია გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის შეურაცხყოფა, სულ მუდმივად გვიწევს ამის ზღვარზე დავა და კამათი, როგორღაც ისე უნდა დარეგულირდეს, რომ ოპტიმალური გამოსავალი მოინახოს…

ყველას გვეხება ეს, თქვენც ხომ რელიგიური ხალხი, ეკლესიის შვილები ხართ და ხშირ შემთხვევაში, ხომ ხედავთ, რომ არის გადაცდომები, არის რაღაცა ზღვარის გადალახვა, ყველას გვაწუხებს ხომ? რაღაც შემაკავებელი შეიძლება იყოს ეს…

პრეზიდენტი შეხვდა მიტროპოლიტ შიოს. საიდუმლო შეიძლება, სულაც არ არის, უბრალოდ, მე არ ვიყავი ამ შეხვედრის დამსწრე. ხომ ხდება ორ ადამიანს შორის ასეთი შეხვედრები, სადაც არ არის საჭირო მესამის დასწრება. ალბათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვითონ გაავრცელებს ინფორმაციას, თუ ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.