რელიგია
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით (04.07.2009)

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი.

ჩვენ, საქართველოს მუსლიმები, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელნი და ჩვენი მორწმუნენი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობთ საქართველოში.

ჩვენს შორის, განსხვავების მიუხედავად ამ ხნის მანძილზე თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვისათვის გადაცემა სჭირდება.

თანამედროვე რეალობამ კი, ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით გვთავაზობს ფასეულობათა შეცვლას, არანორმალურის ნორმად და მისაღებად გამოცხადებას.

სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავსმოხვევასთან. ის რასაც გეგმავენ ე.წ. ,,პრაიდის“ ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით.

დავძენთ იმასაც, რომ საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო. მსგავსი ,,პრაიდები“ კი მიზნად ისახავს არა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ დაძაბულობის, კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით.