საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში დაგმო ძალადობა და თქვა, რომ გუშინდელ კონტრაქციაზე მოქალაქეების, მათ შორის, ჟურნალისტების დაშავება „ფრიად სამწუხარო ფაქტია“, თუმცა დასძინა, რომ „მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს“.
საპატრიარქომ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების იმის გამო გააკრიტიკა, რომ ღონისძიება „ქვეყანაში არსებული რეალობის გაუთვალისწინებლად“ დაგეგმეს, „რითაც დისკრედიტაციის დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს დასავლური ღირებულებები“.
საპატრიარქოს მტკიცებით, დაგეგმილი ღონისძიება „შეიცავდა ჩვენს მოსახლეობასა და მომავალ თაობაზე მორალური, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რაც თავისთავად აუცილებლად გამოიწვევდა მკვეთრ რეაგირებას“.
საპატრიარქო განცხადებაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მეორე ნაწილსაც იშველიებს, რომელიც მიუხედავად სიტყვისა და გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლების უფლებისა, აღნიშნავს, რომ „ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად…“.