საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე კოვიდპანდემიის უარყოფით გავლენაზე იმსჯელეს და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს.
აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში აღდგენის პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში 25%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც წლევანდელი პროგნოზი შეცვალა და მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი იქნება. ყურადღება გამახვილდა ათწლიანი განვითარების გეგმაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ბიზნესის წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის, უცხოელი პარტნიორებისა და დონორების ჩართულობით მუშავდება.
მთავრობის მეთაურმა საბანკო ასოციაციის წევრებს მიმართა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გრძელვადიანი ხედვის დოკუმენტის სრულყოფაში, რაც მასში საფინანსო სფეროს პრიორიტეტების მაქსიმალურად ასახვას შეუწყობს ხელს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან ეკონომიკის სტიმულირების ხედვებზე ისაუბრეს და საფინანსო სექტორისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.