პოლიტიკა
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ ანარ კარიმოვს შეხვდა

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ანარ კარიმოვთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას. ასევე, განიხილეს კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები და ინიციატივები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა ერთობლივი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კულტურის სფეროშიც. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.