საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ 2 ივლისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება „კვლავ სერიოზულ და თანმიმდევრულ ძალისხმევას მიმართავდა“ ტრეფიკინგის აღმოფხვრის მიზნით.
დოკუმენტის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ ჯგუფში სამჯგუფიან სისტემაში, რაც მართალია, იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.
ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ადამიანთა ტრეფიკინგში მონაწილე მეტი პირი გაასამართლა და ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინა ტრეფიკინგის მსხვერპლებს, მათ შორის, სახელმწიფო თავშესაფრებში პანდემიის ზემოქმედების შემსუბუქების თვალსაზრისით.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ 2021-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა და სახელმძღვანელო პრინციპები მიიღო მობილური საიდენტიფიკაციო ჯგუფებისთვის, ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირების მიზნით, ასევე ჩამოაყალიბა შრომის ინსპექცია, რომლის სპეციალური განყოფილებაც იძულებითი შრომის საკითხებზე მუშაობს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კვლავაც მიმართავდა კანონაღსრულების ძალისხმებას, მათ შორის, შენარჩუნებული ჰყავდა ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული სტრუქტურები.
თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ შრომის ინსპექციას არ ჰყავს საკმარისი თანამშრომლები, რესურსებისა და ტრენინგების ნაკლებობას განიცდის იმისათვის, რომ თავისი საზედამხედველო პასუხისმგებლობები სრულად შეასრულოს. დოკუმენტის თანახმად, მართალია, ხელისუფლება მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მან 2020 წელს უფრო ნაკლებ ეჭვმიტანილზე დაიწყო სამართლებრივი დევნა და ნაკლები მსხვერპლის იდენტიფიცირება მოახდინა. ამას გარდა, საქართველოს არ დაუწესებია სამუშაო უფლების მიღების სისტემა მიგრანტებისთვის და არ ჩამოუყალიბებია რეკრუტირების სააგენტოების ლიცენზირებისა და მონიტორინგის სისტემა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიციამ კომერციულ სექსდაწესებულებებზე რეიდები მკაფიო სტრატეგიისა და მსხვერპლთა იდენტიფიცირების გარეშე განახორციელა.
დოკუმენტის თანახმად, თბილისისა და ბათუმის საუნებში, ბორდელებში, ბარებში, სტრიპტიზ კლუბებში, კაზონოებსა და სასტუმროებში აზერბაიჯანელი და ცენტრალურ აზიელი ქალების სექსუალური ექსპლოატაცია ხორციელდება. ამას გარდა, საქართველო „სატრანზიტო ქვეყანაა“ ქალებისთვის ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან, რომელთა ექსპლოატაციაც თურქეთში ხორციელდება.
აღნიშნავს რა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანებით ვაჭრობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ანგარიში აცხადებს, რომ ანეკდოტური მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ მიგრანტები იძულებითი შრომის მსხვერპლი არიან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელები, რომლებიც აფხაზეთში მუშაობენ და რომელთაც მუშაობას, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აიძულებს.