საზოგადოება
ფოტოგამოფენა „სესილია“

sesiliaსაქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობა თანამედროვე საქართველოს კულტურული ცხოვრების დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია. ქვეყანაში მას, როგორც წინაპართა ცოდნა-გამოცდილების საუნჯეს, როგორც ერის დოკუმენტურ მეხსიერებას, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ძვირფასი საგანძურია, სადაც ისტორიული დოკუმენტების სახით ინახება საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი ადამიანთა ცოდნა და გამოცდილება.

განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ეროვნული არქივის მიერ ხშირია კერძო კოლექციონერთაგან ისტორიულ-დოკუმენტური მასალების შეძენა, სადაც ასახულია მეოცე საუკუნის საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ-კულტურული პროცესები. არაერთი ღონისძიების, გამოფენისა თუ საგანმანათლებლო შეხვედრის მოწყობის ფონზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში 18 მაისს გაიმართება ქართველი მსახიობის – სესილია თაყაიშვილის 105 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სესილია თაყაიშვილის თეატრალური და კინოროლების ამსახველი ფოტოები, ასევე, მსახიობის საოჯახო ფოტოალბომიდან შერჩეული მასალა. გამოფენა 26 მაისამდე გაგრძელდება.