სამართალი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-სა“ და „იმედს“ სტუდია „მონიტორის“ საჩივრის საფუძველზე სანქციები უკვე მეორედ დააკისრა. აღნიშნულ ტელეარხებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ამჯერად 2500-2500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ, რისთვისაც ერთთვიანი ვადა მიეცათ.
სტუდია „მონიტორმა“ საჩივარი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით მოამზადა, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 7 მარტს შეიტანა. საჩივრის მიხედვით, აღნიშნული ტელეკომპანიები გადაცემებში რეკლამის გაშვების „მაუწყებლობის შესახებ კანონით“ გათვალისწინებულ ლიმიტებს არღვევდნენ. კერძოდ, საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანიები საინფორმაციო გამოშვებების სარეკლამო ჭრაში კანონით დასაშვებ 2-წუთიან ლიმიტს აჭარბებდნენ, ხოლო საბავშვო გადაცემაში – კანონით დასაშვებ 45-წამიან სარეკლამო ლიმიტს. იმ საინფორმაციო გამოშვებებში კი, რომლებიც 30 წუთზე ნაკლებია და, კანონით, მათი რეკლამისთვის გაწყვეტა არ შეიძლება, რეკლამა მაინც გადიოდა.შეგახსენებთ, რომ იმავე საკითხების შესახებ პირველი საჩივარი სტუდია „მონიტორმა“ კომისიაში გასული წლის 26 ოქტომბერსაც შეიტანა. მაშინ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლებს წერილობითი გაფრთხილებაც მისცა, თუმცა გაფრთხილების შემდეგ იგივე კანონდარღვევები „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ეთერში კვლავ დაფიქსირდა.
დაჯარიმებულ ტელეარხებს ჯარიმის დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ.