პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელისეს სასახლეში საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და განვითარების საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის როლი რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

„საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ აღდგენის საკითხზე, რომელსაც ხელი ორმა პრეზიდენტმა 2019 წლის თებერვალში პარიზში მოაწერა და რაც თანამშრომლობის ამ უნიკალურ ფორმატში საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მთავარ ასპექტებს მოიცავს და ასახავს ამ თანამშრომლობის ხარისხსა და ინტენსივობას.

საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს, საფრანგეთში ქართული ემიგრაციის 100 წლისთავის აღნიშვნის საკითხი.