როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა 11 მაისს, 2011 წლის ივნისში სატელეფონო და მობილური ქსელების ნუმერაცია შეიცვლება.
კერძოდ, 4 ივნისის 00:00 საათიდან ფიქსირებული ქსელების ადგილობრივი სატელეფონო სადგურების ნუმერაცია შემდეგნაირად შეიცვლება:
თბილისში ექვსნიშნა ნუმერაცია შეიცვლება შვიდნიშნა ნუმერაციით და არსებულ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად 2 დაემატება; მაგალითად, სააბონენტო ნომერი 76-XX-XX გახდება 276-XX-XX;
რუსთავში გეოგრაფიული კოდი 34 შეიცვლება 341-ით, ხოლო თავად ქ. რუსთავის ადგილობრივ სატელეფონო სადგურებში სააბონენტო ნომრის პირველი ციფრი 1 შეიცვლება ციფრი 2-ით; მაგალითად, სააბონენტო ნომერი 15-XX-XX გახდება 25-XX-XX; ქალაქ რუსთავში სხვა გეოგრაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკავად გამოყენებულ უნდა იქნეს ნუმერაციის შემდეგი კომბინაცია – 34-2X-XX-XX;ყველა სხვა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ხუთნიშნა ნუმერაცია შეიცვლება ექვსნიშნა ნუმერაციით; ადგილობრივ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად ემატება ციფრი 2; მაგალითად, ქუთაისში სატელეფონო ნომერი 3-XX-XX გახდება 23-XX-XX; ქალაქ ქუთაისში სხვა გეოგრაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკავად გამოყენებულ უნდა იქნეს ნუმერაციის შემდეგი კომბინაცია – 431-23-XX-XX.
20 ივნისის 00:00 საათიდან იცვლება მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელების ნუმერაცია და მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად ემატება 5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 77-XX-XX-XX გახდება 577-XX-XX-XX; ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან (მაგალითად, სილქნეტის, ახტელის ან მაგთიფიქსის ნომრიდან) მობილურ ქსელში დასარეკავად გამოყენებულ უნდა იქნეს ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-577-XX-XX-XX, ხოლო მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი – ბილაინი) – ციფრების შემდეგი კომბინაცია: 577-XX-XX-XX;
27 ივნისს 00:00 საათიდან შეიცვლება ფიჭური პრინციპით მომუშავე ფიქსირებული სატელეფონო ქსელების ნუმერაცია (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) და უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად დაემატება 7; მაგალითად, სააბონენტო ნომერი 90-XX-XX-XX გახდება 790-XX-XX-XX; ფიქსირებული სადენიანი სატელეფონო ნომრიდან (მაგალითად, სილქნეტის, ახტელის ნომრიდან) ან მობილური ქსელიდან უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე დასარეკავად გამოყენებულ უნდა იქნეს ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-790-XX-XX-XX, ხოლო უსადენო ფიქსირებულ ქსელებში (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) სატელეფონო ზარის შესრულებისას – ციფრების შემდეგი კომბინაცია: 790-XX-XX-XX.