საზოგადოება
ჯეიმს აპატურაი - ჩვენ ნამდვილად არ მივიღებთ, რომ შავი ზღვა რუსულია

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ალიანსს მიაწოდა ინფორმაცია შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შესახებ და ნატო-ს მომხდარის სრული სურათი აქვს.

„ნატო-ს მტკიცე პოზიცია აქვს, როდესაც საქმე ეხება ნაოსნობის თავისუფლებას და ფაქტს, რომ ყირიმი უკრაინაა და არა რუსეთი. ამ ინციდენტის დროს ნატო-ს მოკავშირეებმა გამოიჩინეს სიმტკიცე ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვაში. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნატო-ს მოკავშირეები ამ საკითხზე უკან არ დაიხევენ. როგორც ვიცი, „დეფენდერი“ ბოლოს საქართველოში ჩამოვიდა. ასე რომ, ეს არის მოკავშირეების ერთობლივი ვალდებულება, უზრუნველყონ შავი ზღვის უსაფრთხოება და იმ პრინციპებისადმი ერთგულება, რაც მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, ცხადია, რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონის დესტაბილიზაციას და ათავსებს შეიარაღებას ყირიმში, მათ შორის სარაკეტო სისტემებს, რაც ნაოსნობის თავისუფლებას ართულებს.

„ჩვენ ვმუშაობთ უფრო მჭიდროდ საქართველოსა და უკრაინასთან პოლიტიკური კონსულტაციებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ამასთან, ნატო უფრო მეტად არის წარმოდგენილი შავ ზღვაში და ამას ვხედავთ. ასევე, ჩვენი საზღვაო ძალების დანაყოფები, რომლებიც ამ რეგიონში გამოგვყავს. ამას აკეთებენ ნატო-ს ინდივიდუალური წვერებიც, თუმცა ეს ქმედებები კოორდინირებულია. თქვენ ხედავთ ბრიტანულ ძალებს, ფრანგები დაფრინავენ და აშშ-ის რეგულარულად შემოჰყავს გემები. რუსებს მუდმივად არ მოსწონთ ეს, მაგრამ ჩვენ ამას მაინც ვაკეთებთ. ჩვენ ნამდვილად არ მივიღებთ, რომ შავი ზღვა რუსულია და ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს წარმომადგენლობას ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდასაჭერად. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაა. გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს იმ პარამეტრებში, რაზეც ვისაუბრეთ“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.