საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის სანაპიროებთან ბრიტანულ გამანადგურებელთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად მიიჩნევს. პუტინის განმარტებით, მან ინციდენტში, რომელიც ჟენევაში, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ მოკლე ხანში მოხდა, პოლიტიკური კომპონენტი დაინახა.
„ჟენევაში შეხვედრა ახალი გამართული იყო. რა საჭირო იყო ეს პროვოკაცია, რა იყო მისი მიზანი? იმისთვის, რომ ხაზი გაესვათ, რომ ეს ხალხი პატივს არ სცემს ყირიმელი ხალხის არჩევანს, რუსეთის ფედერაციას შეუერთდნენ?“- განაცხადა პუტინმა, რომელმაც დღეს მოქალაქეების კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.
კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ აღნიშნულ ინციდენტს მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მიეყვანა, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს არ მოხდებოდა.
„იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვენ ამ ხომალდს ჩავძირავდით, რთულად წარმოსადგენია, რომ მსოფლიო ომის საფრთხე დადგებოდა. მათ, ვინც ამას აკეთებს, ესმით, რომ ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვლენ. ჩვენ, სულ მცირე ვიცით, რისთვის ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით საკუთარი ტერიტორიისთვის და მომავლისთვის,“- აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, აღნიშნულ პროვოკაციაში არა მხოლოდ ბრიტანელები, არამედ ამერიკელებიც მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს გამანადგურებელს HMS Defender-ს, რომელიც შავ ზღვაში, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა, საპატრულო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხნა, ავიაგამანადგურებელმა კი ბრიტანული ხომალდის გზაზე ბომბები ჩამოაგდო. ეს ინფორმაცია უარყო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა კი განაცხადა, რომ HMS Defender-ი უკრაინის წყლებში კანონიერად დაცურავდა.
„ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. ეს უკრაინის წყლებია და A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელად მათი გამოყენება სრულიად სწორია,“- აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
interpressnews.ge