საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. პრაიდის კვირეულის გამართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, ვინც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრაიდის გამართვის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია.
„გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამის გაკეთება, რადგან არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენოს, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს და შემთხვევას, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებოდეთ.
კითხვაზე, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებს ვასაძისა და ფალავანდიშვილის მომხრეებს, კახა კალაძემ აღნიშნა: „რა შუაშია ფალავანდიშვილი. ვინ ფალავანდიშვილი? ვინც არასწორად იმოქმედებს და კანონს დაარღვევს, ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.