სამართალი
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის ემი კლენსის განცხადებით, მათთვის პრიორიტეტია ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება, მაგრამ თუ ეს შესაძლებელი არ არის, ამ შემთხვევაში ალტერნატიული ფორმა უნდა მოიძებნოს, როგორიცაა ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანა.

ემი კლენსიმ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდი მზად არის, ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაუწიოს, რათა არ მოხდეს ბავშვების ოჯახებიდან განცალკევება.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვების საკუთარ, ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება, ხოლო თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში გადანაწილება უნდა მოხდეს. მაგალითად, როგორიც არის ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანა.

რაც შეეხება მცირე ზომის საოჯახო სახლებს, ეს უნდა იყოს უკანასკნელი ზომა და განიხილებოდეს როგორც გარდამავალი პერიოდი, რომ ბავშვები საბოლოოდ მაინც დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახებმა შეძლონ ღირსეული მშობლობის გაწევა. გაერო-ს ბავშვთა ფონდი მზად არის, ამ სისტემას დაეხმაროს, გაძლიერდეს ოჯახები და შესაბამისი დახმარება გაეწიოთ, რათა არ მოხდეს ბავშვების ოჯახებიდან განცალკევება“, – განაცხადა ემი კლენსიმ.