პუბლიკაციები
საქართველოს სანაპირო დაცვა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021-ში მონაწილეობს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. მრავალეროვნული საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021 ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში, ქართული მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საზღვაო წვრთნებში წელს ორი სადარაჯო ხომალდით ჩაერთვება. ხომალდების, „დიოსკურიისა“ და „ოჩამჩირეს“, ეკიპაჟების გარდა, SEA BREEZE 2021-ში სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებიც მიიღებენ მონაწილეობას.

SEA BREEZE 2021-ის საველე წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ჩაერთვება. სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი კი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე, SEA BREEZE 2021-ის სწავლების შტაბში შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს ხუთი ოფიცერი იქნება ჩართული.

აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა. სწავლების ისტორიაში, SEA BREEZE 2021 ყველაზე მასშტაბურია. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობს.

მრავალეროვნულ წვრთნებში წელს საქართველოს გარდა 31 ქვეყანა მონაწილეობს. ესენია: ავსტრალია, ალბანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ეგვიპტე, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, იაპონია, ისრაელი, იტალია, კანადა, ლატვია, ლიტვა, მაროკო, მოლდოვა, ნორვეგია, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, სენეგალი, ტუნისი, უკრაინა, შეერთებული შტატები და შვედეთი. სწავლებაში ჩართულია ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთ​ი (SNMG2).

SEA BREEZE შავ ზღვაში 1997 წლიდან იმართება. ქართული მხარე სწავლებაში პირველივე წლიდან მონაწილეობს. გასულ წელს სწავლებაში სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი „დიოსკურია“ (P25) მონაწილეობდა.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.