პოლიტიკა
ღარიბაშვილის მეორე დაბადება

   გუშინწინ, 2021 წლის 28 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 39 წელი შეუსრულდა. ამ დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა მთავრობის წლიური ანგარიშის განხილვისადმი მიძღვნილი მეორე სხდომა, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის დასკვნითი გამოსვლით დასრულდა. ეს იყო მისი მეორე დაბადება, როგორც საქართველოს პოლიტიკური ლიდერისა, რაშიც აწი ეჭვი მის მტრებსაც კი არ ეპარებათ. ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ამ დარბაზში აღარ გაჟღერებულა ყველასთვის მარტივი, მკაფიო სიტყვებით გამოხატული სრული სიმართლე! ტრიბუნასთან თითქოს იდგა რუდენკო, რომელიც ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტ დამნაშავეებს ბრალს სდებდა.

არადა, გასულ პარასკევს, პირველ სხდომაზე, იგივე მოხდა - პრემიერის საანგარიშო მოხსენების შემდეგ, ოპოზიციურმა ტრიომ - სააკაშვილი - გახარია - ხაზარაძის ახალმა კოალიციამ - მოისურვა ღარიბაშვილის სკანდალური კითხვებით ჩაჭრა, მაგრამ პასუხად ისეთი მოისმინა, რომ ნებისმიერი ადეკვატური პიროვნება დატოვებდა არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ პოლიტიკასაც! თუმცაღა ფსიქიატრებმა კარგად იციან ის ფენომენი, როდესაც განწირული მაზოხისტები თვითმკვლელობამდე ეფერებიან თოკს, ეალერსებიან დანას, კოცნიან თოფისა ან პისტოლეტის ლულას... ზუსტად ასე მოიქცნენ ზემოთ მითითებულმა ოპოზიციონერებმა, იმის ნცვლად, რომ დაემუხრუჭებინათ მეორე სხდომაზე მაინც: სააკაშვილის პოლიტიკურმა გვამებმა, ხაზარაძისა და გახარიას მკვდრადშობილ პარტიებთან ერთად, კიდევ ერთხელ "გაზი გაუშვეს“ - და კვლავ მიიღეს სასიკვდილო დარტყმა, რის შემდეგაც, თუ უჭკუო, უსირცხვილო და უნამუსო კიბორგი არ ხარ, ვეღარ უნდა ადგე!

ღარიბაშვილმა მათ ყველაფერი გაახსენა – "კუპონა" გოცირიძის ეკონომიკური დანაშაულებიც შევარდნაძის ხანაში, სამხედრო დანაშაულები და წამებები სააკაშვილის დროს და ხაზარაძის საუკუნის ძარცვა უკვე "ქართული ოცნების" მმართველობისას - და კითხვებზე კითხვითვე უპასუხა: ამ ყველაფრის შემდეგ რატომ არიან ისინი კვლავაც - პოლიტიკაში?! ბასრი გროტეკსი, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელი ამომწურავი ინფორმაციით იყო გამყარებული, შოკში ჩააგდო ოპოზიციონერები - ისინი ისტერიულად ყვიროდნენ, რადგან ღარიბაშვილი მათ, სააკაშვილის მიერ გალვანიზირებულ, პოლიტიკურ გვამებს ეთამაშებოდა! საშინელი დასასრული უსასრულო საშინელებას სჯობს: რაკიღა ოპოზიციონერები პანიკაში ჩაცვივდნენ, რადგან პრემიერი იცის ყველა მათი დანაშაულის შესახებ, მაგრამ, მათთვის გაუგებარი მიზეზებით, არ ჩქარობს მათ პასუხისგებაში მიცემას! სასჯელის უსასრულოდ ლოდინი, როდესაც თავად ისინი, ხელისუფლებაში ყოფნისას, ანადგურებდნენ ოპონენტებს, თუმცა არ ჰქონდათ იმ კომპრომატების მეათასედიც, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს მათ წინააღმდეგ, „ნაცმოძრაობისა“ და მისი რეპლიკებისთვის გაუსაძლის ნელ წამებად იქცა!

   თუმცა მთავარია, რომ ღარიბაშვილმა თავის გამოსვლებში გააკეთა მოკლე ექსკურსი პოსტსაბჭოთა ისტორიაში და გააანალიზა, თუ რატომ მოხდა, რომ, სსრ კავშირისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო ბალტიის ქვეყნების მსგავსად არ აყვავდა. როგორც სახელმწიფოს ნამდვილ პოლიტიკურ ლიდერს შეეფერება, ღარიბაშვილი არ შეუშინდა ამაში შიდა ქართული შუღლის, ტრადიციული დაპირისპირების დადანაშაულებას, რამაც საზოგადოება და სახელმწიფო გახლიჩა, და წინამორბედებივით არ მიუთითებია სხვებზე - არ დაუდანაშაულებია ამაში დასავლეთი, რუსეთი , მსოფლიო გლობალიზმი, ანდა მასონური შეთქმულება! ნუთუ ასე ძალიან არ გიყვართ ეს ქვეყანა?! როგორ უწოდებთ მას უბედურს, ნაკლოვანს, ჩვენდამი სიძულვილის გამო როგორ სთხოვთ თქვენს დასავლელ პარტნიორებს, არ დაეხმარონ საქართველოს?! - გულწრფელი გაკვირვებით წამოიძახა ღარიბაშვილმა ოპოზიციის მისამართით. ეს იყო გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი, რომელიც მიუთითებდა ღარიბაშვილსა და მის ოპონენტებს შორის კატეგორიულ განსხვავებაზე.

შეგახსენებთ, რომ, როდესაც ღარიბაშვილმა გააუქმა ათობით მილიონი ოდენობის ჯარიმა, რომელიც გახარიამ შემოიღო კომენდანტის საათის დარღვევისთვის, სააკაშვილი-გახარია-ხაზარაძის "ტროიკამ" დაადანაშაულა ღარიბაშვილი მოსახლეობის წინასაარჩევნოდ მოსყიდვაში, თუმცა არჩევნებამდე კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი! და იცით რატომ?! ამ ჯარიმების გადასახდელად, მოქალაქეებმა დრაკონულ პროცენტიანი სესხები აიღეს ხაზარაძისა და მისი მეგობარი ბანკირების ბანკებში!

ამდენად, ივანიშვილის წასვლის შემდეგ ულიდეროდ დარჩენილი საქართველოს შესახებ შიში არ დადასტურდა. ამიერიდან ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი ლიდერი - ირაკლი ღარიბაშვილი, და რომ ღარიბაშვილი - კობახიძე - კალაძის ტრიო ადვილად დასცემს ბეჭებზე სააკაშვილი - გახარია - ხაზარაძის ტრიოს.

რაც შეეხება ქართველ ამომრჩეველს, ამჯერად ხალხი არა პიროვნებებსა და პარტიებს, არამედ მათ საქმეებს მისცემს ხმას, თუმცა ოპოზიცია სრულად გამოიყენებს მის არსენალში დარჩენილ ინსტრუმენტებს - მოსყიდვასა და პროვოკაციებს. განსაკუთრებით - აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში, აჭარაში, მისი მუსლიმანი მოსახლეობით, სამეგრელოს მხარეში და შიდა ქართლის სოფლებში, რომლებიც, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ემეზობლება.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 30 ივნისი
საქართველო, თბილისი