სამართალი
საქართველომ ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანა დაასრულა

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 28 ივნისის განცხადებით, 32-ე ბატალიონის ბოლო ნაკადის სამშობლოში დაბრუნებით, საქართველომ ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანის პროცესი დაასრულა.

თავდაცვის უწყების ცნობით, საქართველოს დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” ექვსი თვის განმავლობაში მსახურობდა.

საქართველომ ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანა 21 მაისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აპრილში ნატოს მოკავშირეებმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ავღანეთში განთავსებული სამხედრო დანაყოფების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველო ნატოს წინამძღოლობით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში სხვადასხვა როტაციის ფარგლებში 2004 წლიდან მონაწილეობს. სამხედრო დანაყოფების გამოყვანამდე ავღანეთში 860 ქართველი სამხედრო იმყოფებოდა, მთლიანობაში კი – ავღანეთის საერთაშორისო მისიებში 20 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობდა.