პოლიტიკა
როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, პარტიის გეგმის მეორე ეტაპი პარტიული სტრუქტურების „ბევრი რამისთვის“ მზადყოფნის შემოწმებით დასრულდება. თუმცა ოპოზიციონერ ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება „ბევრ რამეში“.
„სად რომელ ეტაპზე ჩამოვალ, არ ვიტყვი, მაგრამ ჩვენი გუნდის გეგმის ნაწილი ქვეყანაში ჩემს დაბრუნებას გულისხმობს. თუმცა წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს – ვნახოთ. არც ისე დიდი დრო დარჩა მესამე ეტაპამდე, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია – მესამე, ანუ ბოლო ეტაპზე, ხელისუფლებას „მომაკვდინებელ დარტყმას“ მივაყენებთ იმისთის, რომ ეს რეჟიმი დავამთავროთ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველანაირი საჭირო მეთოდით განხორციელდება“, რასაც ჟურნალისტ ეკა ბერიძის კითხვა მოჰყვა იმის შესახებ, რას გულისხმობდა ის ყველანაირ მეთოდში – მხოლოდ კონსტიტუციურს, თუ არაკონსტიტუციურსაც. მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილმა კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა, რამდენჯერმე გამოიყენა ფრაზა „ყველანაირი მეთოდით“, რაც, თავისთავად, შეიძლება ჟურნალისტის ამ კითხვის პასუხადაც ჩაითვალოს.