საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების შეხვედრა მიმდინარეობდა, სადაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მათ შორის იმ კრიტიკულ განცხადებებზე, რომელიც მათი შეფასებით, არარგუმენტირებულია და სასამართლოს მიმართ ისმის.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ უნდა შეჩერდეს.
„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადააგზავნა კანდიდატები იქიდან გამომდინარე, რომ ამას გვავალებდა კანონი. რაც შეეხება პროცესის შეჩერებას, გააჩნია ამას როგორ განმარტავ. ჩვენ შევაჩერეთ პროცესი და დაველოდეთ საკანონმდებლო ცვლილებებს. რაც შეეხება იმას, ზოგადად დანიშვნა უნდა შეჩერდეს თუ არა, როდემდე უნდა შეჩერდეს? მე ვფიქრობ, არ უნდა შეჩერდეს დიდხანს, თუმცა ეს მაინც პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. ვერ გადაიხედება საბჭოს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ უკვე წარვუდგინეთ პარლამენტს კანდიდატები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესით. დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ მაინტერესებს მოსამართლეების პოზიცია, იქნებ და განსხვავებულია და არსებობს სხვა მოსაზრება, რომელიც უნდა გავითვალისწინო.
რაც შეეხება მიშელის დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვევალება რაიმე პოლიტიკური შეთანხმების გათვალისწინება, მაინც გავითვალისწინეთ გარკვეულწილად და პროცესი, რომელიც შეიძლება ორ თვეში დასრულებულიყო, შვიდი-რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა“,- განაცხადა მარსაგიშვილმა.
მოსამართლე ირაკლი შენგელიას თქმით, სასამართლოს ირგვლივ განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ ძალიან დიდი წნეხი მიდის სასამართლო სისტემაზე ყველა მხრიდან, ყველა მიმართულებით. მისივე განცხადებით, სწორედ ამ პრობლემების გამო გადაწყვიტა მთლიანად სასამართლო სისტემამ, რომ შეკრებილიყვნენ და ამ თემაზე ემსჯელათ.
„მიდის დისკრიმინაცია სასამართლო სისტემის ყველას მხრიდან. ნუთუ, რაიმე, ერთი კარგი რამ არ გაკეთებულია სასამართლო სისტემაში, რომ გამოვიდეს და თქვას, ეს გაკეთდაო. საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი, ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და არავის ერთი სიტყვაც არ უთქვამს ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ დისკრედიტაცია, მხოლოდ უარყოფითი შეფასებები, მათ შორის არასამთავრობოების, მათ შორის ტელევიზიების მხრიდან. სასამართლო სისტემა რაღაც განდეგილივით არის დღეს. არავითარი კლანური მმართველობა, სასამართლო სისტემა არის დღეს დამოუკიდებელი ორგანო და თუ ვინმეს უნდა სასამართლოს კეთილდღეობა, ეს არის პირველ რიგში მოსამართლეები და მათ უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება სისტემისთვის კარგი, საჭირო და არა სხვამ. სასამართლოს სისტემის საკითხები, გინდ საკანონმდებლო დონეზე, გინდ სხვა დონეზე, წყდება სასამართლოში მონაწილე ადამიანების გარეშე. სხდებიან ადამიანები, სასამართლო სისტემაზე საუბრობენ, მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ჩართულები არ არიან. უზენაეს სასამართლოში ერთ მოსამართლეს სამასი, ოთხასი საქმე აქვს, როდესაც მთელი საქართველოს მოსამართლეები შეჰყურებს უზენაეს სასამართლოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ოთხას საქმეში რა ხარისხზე უნდა ვილაპარაკოთ? ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევიდეს ხალხი უზენაეს სასამართლოში, თუმცა პარლამენტი რას გადაწყვეტს, ეს უკვე სხვა საკითხია. დისკრედიტაცია მიდის სასამართლოსი ამდენი წელია. სწორედ კონტროლირებადი რომ არა ვართ, იმიტომ ვართ თავდასხმის რეჟიმში ყოველთვის. რაც მიგვაჩნია სწორად, იმას აკეთებს სასამართლო“,- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.