რელიგია
ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართა

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

„თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილებისათვის. მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.

მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო. თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ. აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში განმტკიცებისათვის“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში.