საზოგადოება
აშშ–ის ელჩმა საქართველოში მოსამართლეების არჩევის პროცესი შეაჩერა

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტს ახლა აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, რომ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ მოსამართლეთა დანიშვნა შეჩერდებოდა სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებამდე.

„ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ვალდებულება, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით. შეთანხმება ითვალისწინებს ამ პროცესის შეჩერებას რეფორმების ამოქმედებამდე. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ რეფორმების ამოქმედებამდე იქნება აქტიური დებატები იმაზე, თუ რა ტიპის სასამართლო რეფორმებია საჭირო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით. შეთანხმება შეთანხმებაა. ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და სასამართლო რეფორმაზე დებატების გამართვამდე ამ პროცესის შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ აცხადებს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არის ძალიან სერიოზული ვალდებულება და დაპირება ქართველი ხალხისთვის. სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონისა და სხვა კანონების საშუალებით, რომლებში ცვლილებების შეტანასაც ახლა პარლამენტი განიხილავს. პარლამენტს ახლა აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, შეაჩეროს დანიშვნის პროცესი, უზრუნველყოს, რომ არის დებატები, არის წინა რეფორმების შეფასება, რასაც ასევე ითვალისწინებს 19 აპრილის შეთანხმება, რათა ქართველები იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი სასამართლო სისტემა არის ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორც ამას კონსტიტუცია ითხოვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას სერიოზულად მიუდგებიან.

„ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიმედოვნებ, რომ პარლამენტის წევრები სერიოზულად მიუდგებიან. არსებობს დამოუკიდებელი შეფასება, რომლის დასკვნითაც, ამ პროცესის დროებით შეჩერება არ გამოიწვევს სისტემის ჩამოშლას და გაჩერებას. ადგილზე არის საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, რათა შესაძლებელი იყოს დეტალური განხილვა, თუ რა ტიპის სასამართლო რეფორმებია საჭირო სისტემის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად. ეს არის ის, რისი გაკეთების ვალდებულებაც პარტიებს აქვთ მათ მიერვე მიღწეული შეთანხმების მიხედვით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.