უცხოეთი
რუსთაველის თეატრი მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვუჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი, რომელიც ერთ-ერთი ბოლოა. არაჩვეულებრივი პიესა, არაჩვეულებრივი ავტორი და მგონია, რომ მსახიობებიც ცუდად არ თამაშობენ“, - აცხადებს რეჟისორი რობერტ სტურუა.

რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ ითამაშებს.

„ახლა, როდესაც ჩვენ ვთამაშობთ ასეთ რთულ პიესას, გვაქვს რუსი მაყურებლის იმედი, რადგან რუს მაყურებელს უყვარს მოსმენა და გააზრება“, - აცხადებს მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი რუსულ მედიასთან.

interpressnews.ge