აქტუალური
ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 50 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი 50 მილიონი ევრო საქართველოს ვაქცინებისა და „კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

„აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და ადგილობრივი მცირე, საშუალო ბიზნესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად 2020 წელს გამოყოფილ 210 მილიონ ევროს. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო „კოვაქსის“ პლატფორმიდან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და „კოვიდ -19“-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა, რომელიც წარმოდგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილს. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა გამოყო 210 მილიონი ევროს ოდენობის სესხები და გარანტიები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მხარდასაჭერად და „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან საქართველოს ეკონომიკის გამოსვლის პროცესის დასაჩქარებლად.

ევროკავშირის ბანკის დახმარების პაკეტი მოიცავს 100 მილიონ ევროს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე 110 მილიონ ევროს, რომელიც საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს გადაეცემა ქვეყანაში არსებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სესხების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ეკონომიკის სწრაფად აღდგენის ხელშესაწყობად, ასევე გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფში შემავალი ევროპის საინვესტიციო ფონდიდან დამატებით 250 მილიონი ევრო გარანტიების სახით გამოყოფა. გარანტიები უზრუნველყოფილია InnovFin–ის – ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის საშუალებით, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობა მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და პანდემიის მაქსიმალურად მოკლე დროში დასასრულებლად.

„ვაქცინები და „კოვიდ -19“-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და პანდემიის მაქსიმალურად მოკლე დროში დასასრულებლად. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირს საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცების პროცესში, რაც ქვეყანას გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ძლიერი და განვითარებული საქართველო არის როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ევროპის გუნდის მიზანი. იმედი მაქვს, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს“, – განაცხადა ტერეზა ჩერვინსკამ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომების გატარებაზე, განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა საშუალებას მისცემთ, აქტიურად შეებრძოლონ პანდემიას.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი თანხით, 50 მილიონი ევროს ოდენობით, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, გავხადოთ ჯანმრთელობის დაცვის სექტორი პრიორიტეტულ მიმართულებად, გავაძლიეროთ ქვეყნის მედეგობა „კოვიდ -19“-ის მიმართ და ჩვენი შესაძლებლობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან გასამკლავებლად. აღნიშნული თანხა მოგვცემს შესაძლებლობას, ვაქცინების შესყიდვის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და „კოვიდ -19“-თან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისა და საავადმყოფოების დასახმარებლად თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის გზით, აქტიურად შევებრძოლოთ პანდემიას. გარდა ამისა, სამინისტროს სახელით, გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ევროპის ინვესტიციის ბანკს, მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის ადამიანების ჯანმრთელობისათვის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისათვის დამანგრეველი ზემოქმედების მქონე „კოვიდ -19“-ის პანდემიით გამოწვეული მძიმე კრიზისის დასაძლევად“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა ჯანდაცვის სექტორს მეტ დახმარებას გაუწევს.

„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას. პანდემიის პერიოდში, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროკავშირის ბანკის, მიერ გამოყოფილი თანხა მეტ დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის სექტორს. ეს არის „კოვიდ-19“-თან ბრძოლასა და კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველოს, საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ უზრუნველყოფილი 500 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების პაკეტის ნაწილი“, – განაცხადა ჰარცელმა.

„ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის უზრუნველყოფილი დახმარებით, რომელიც 2020 წელს გაგრძელდა, შესაძლებელი გახდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ხუთი წამყვანი საავადმყოფოსა და სამედიცინო დაწესებულების მოდერნიზება, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა.

აღნიშნული დახმარების ფარგლებში ფინანსურმა ინსტიტუტებმა ადგილობრივი კომპანიებისთვის შექმნეს ახალი საკრედიტო ხაზები, რომლებიც მათ ლიკვიდურობის პრობლემების გადაჭრის, სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და საკუთარი ინვესტიციების ან გაფართოების გეგმების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.