უცხოეთი
ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი - პრეზიდენტო ბაიდენ, გთხოვთ, გადაეცით პუტინს: თუკი კვლავ დაესხმება თავს მეზობელს, ჩვენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით ვუპასუხებთ

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტო ბაიდენ, გთხოვთ, გადაეცით პუტინს ჩვენგან, რომ თუ ის ქვეყნებს გაზით დააშანტაჟებს, პასუხად „ჩრდილოეთ ნაკადის“ სანქციებს მიიღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც ევროპარლამენტის „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„პრეზიდენტო ბაიდენ, გთხოვთ, გადაეცით ჩვენგან პუტინს, რომ თუ ის ქვეყნებს გაზით დააშანტაჟებს, პასუხად „ჩრდილოეთ ნაკადის“ სანქციებს მიიღებს. თუკი კვლავ დაესხმება თავს მეზობელს, ჩვენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით ვუპასუხებთ. რამდენჯერაც ის ან ლუკაშენკო მოკლავს ან გაიტაცებს ოპონენტს, ჩვენ გავაორმაგებთ დახმარებას რუსი და ბელარუსი დემოკრატებისთვის,“- აცხადებს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ჟენევაში დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:35 საათზე დაიწყება და დაახლოებით 5 საათს გაგრძელდება. პრეზიდენტების შეხვედრას ვილა ლა გრანჟი უმასპინძლებს. თეთრმა სახლმაც და კრემლმაც დაადასტურეს, რომ ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გეგმავენ. ამის ნაცვლად, ისინი შეხვედრის შედეგებზე ცალ-ცალკე ისაუბრებენ.

interpressnews.ge