პოლიტიკა
სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო მოლაპარაკებების სრული გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ

transparencyოთხი არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო რეფორმაზე ინდივიდუალურ კონსულტაციებში ჩართულ პოლიტიკურ ძალებს, უზრუნველყონ პროცესის „მაქსიმალური“ გამჭვირვალობა და მასში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების „ჩართულობა“.

ამასთან, ერთობლივ განცხადებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ მიესალმებიან მმართველი პარტიისა და რვა ოპოზიციური პარტიის ინიციატივას კონსულტაციების განახლების შესახებ.

„თუმცა ვფიქრობთ, რომ კონსულტაციების დახურულ ფორმატში გადატანა ვერ უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას. მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლამ, რის შედეგადაც პროცესში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლოა, მის მიმართ საზოგადოებაში ნდობის ხარისხი შეამციროს“, – ნათქვამია 10 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ოთხი ორგანიზაცია, რომლებმაც გასულ კვირას საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე, ასევე, მოუწოდებს მხარეებს, რათა რეგულარულად მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება მოლაპარაკებების შესახებ და „მოლაპარაკებების პროცესში იყვნენ კონსტრუქციულნი და შედეგზე ორიენტირებულნი, რაც ხელს შეუწყობს კონსულტაციების დროულ და შედეგიან დასრულებას“.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებში ფართო საზოგადოების ჩართულობა პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულად წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება და საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია ოთხი ორგანიზაციის განცხადებაში, რომელსაც „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრიც“ უერთდება.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთნენ იმ ინტერპარტიული ჯგუფის მუშაობაში, რომელმაც საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები 2010 წლის ნოემბრიდან დაიწყო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით. ამ ფორმატში ბოლო შეხვედრა 9 მარტს გაიმართა. მას შემდეგ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებები შეწყდა. ოპოზიციური რვიანი მმართველ პარტიას ადანაშაულებდა საარჩევნო რეფორმაზე მიუღებელი წინადადებების შემოთავაზებაში, ხოლო ეს უკანასკნელი – ოპოზიციურ რვიანს „ულტიმატუმების“ წაყენებასა და მოლაპარაკებების ფორმატის ჩაშლაში.

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ის საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში ჩართულ „ინდივიდუალურ პარტიებთან“ ცალ-ცალკე გამართავდა კონსულტაციებს, „ოპოზიციური რვიანი“ დათანხმდა ამ შემოთავაზებას იმ პირობით, რომ მოლაპარაკებების პროცესში კვლავ ერთიანი პოზიციით გამოვიდოდა. გასულ კვირას ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მოლაპარაკებების დასაწყებად მათ პირველი შეხვედრა გამართეს.