რელიგია
საქართველოს საპატრიარქომ მოსკოვს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის ეპისკოპოსს უმასპინძლა

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და მისი ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მიტროპოლიტ ანტონის ხელმძღვანელობით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული) დელეგაციას უმასპინძლეს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, „შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა“, სადაც მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს „უკრაინის მართლმადიდებლობაში“ არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები განიხილეს.

უკრაინის მართლმადიდებელი საზოგადოება მოსკოვსა და კიევს დაქვემდებარებულ საპატრიარქოებს შორისაა გაყოფილი. ეს უკანასკნელი მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც 2019 წლის იანვარში კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, ბართლომე I-მა ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა, რამაც მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან ურთიერთობები გაწყვიტა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სიფრთხილეს იჩენს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამ დრომდე არ აღიარებს.