სამართალი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან დამატებათა პროექტი, რომელიც სრულწლოვანთა განრიდებას ეხება, იუსტიციის სამინისტრომ დღეს, 10 მაისს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა. უწყებაში გამართულ მრგვალ მაგიდაში მოსამართლეებმა, ადვოკატებმა, პროკურორებმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმ მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც განრიდების დანერგვას ახლავს. კერძოდ, საუბარი შეეხო სახელმწიფო რესურსების დაზოგვასф და პროცედურების გამარტივებას; სასამართლოს განტვირთვას მცირე მნიშვნელობის საქმეთა განხილვისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აქტუალიზაციას. აღსანიშნავია, რომ სრულწლოვანთა განრიდება პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი მზადაა, სრულად ან ნაწილობრივ დაფაროს მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაო უსასყიდლოდ შეასრულოს. აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, საქმე ნასამართლეობისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის გარეშე დამთავრდება.