საზოგადოება
თბილისში 1-5 ივლისს „პრაიდის“ კვირეული გაიმართება

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. 1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სოციალური ღონისძიება გაიმართება.

ასევე, 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან ღირსების მარში ჩატარდება. „პრაიდის“ ორგანიზატორები არიან „თბილისი პრაიდი“, მოძრაობა „სირცხვილია“, „ქალთა მოძრაობა“, და GrlzWave.

ორგანიზატორების თქმით, წელს მთავარი სათქმელი სოლიდარობის გამოხატვა იქნება. მათი განცხადებით, სოლიდარობას უცხადებენ ყველა სოციალურ პროტესტს, მათ შორის ნინოწმინდაში მიმდინარე პროცესებს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში სოლიდარობას გამოუცხადებენ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციასაც.