საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ბავშვს უფლება აქვს, არ იყოს ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფოს საქმეა, ეს უფლება დაიცვას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.
ჰარცელის შეფასებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს დახურული ინსტიტუტების მონიტორინგის შესაძლებლობა.
„ბავშვს უფლება აქვს, არ იყოს ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფოს საქმეა, ეს უფლება დაიცვას. ეს არის ის, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, ხაზი გავუსვა ბავშვების კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. თუ ვისაუბრებთ უფრო ფართოდ, ინსტიტუციონალიზაცია დიდი ხანია, არის მიზანი, რომელზეც ევროკავშირი მთავრობებთან მუშაობს 2005 წლიდან, მათ შორის „იუნისეფთან“ ერთად. არსებული სიტუაცია გვაფიქრებინებს, ხომ არ არის საჭირო ამ საკითხზე დამატებითი ნაბიჯების გადადგმა.
მინდა, ყველას შევახსენო, არსებობს ვალდებულება „ბავშვთა უფლებების კოდექსში“, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და მთავრობამ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რასაც ევროკავშირი და სხვა პარტნიორები მოხარულები იქნებიან, მხარი დაუჭირონ. დაბოლოს, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია, სახალხო დამცველს ჰქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, რომ დახურულ ინსტიტუტებს მონიტორინგი გაუწიოს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.