პოლიტიკა
„დაპირისპირების“ აღლუმი თავისუფლების მოედანზე

aglumi-aqcia-2როგორც ცნობილია, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე საზეიმო აღლუმი ჩატარდება. აღლუმს, ტრადიციისამებრ, ქვეყნის მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს.

აღსანიშნავია, რომ 21 მაისს „სახალხო კრება“ თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პერმანენტულ აქციებს იწყებს. როგორც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, მთავარსარდალი აღლუმს მშვიდად ვერ ჩაიბარებს, რადგან თავისუფლების მოედანს „სახალხო კრების“ მხარდამჭერები დაიკავებენ.

ხელისუფლების მხრიდან აღლუმის ჩატარების ადგილის გამოცხადება, ალბათ, იმის დემონსტრირება იყო, რომ ე.წ. რადიკალების მხრიდან სერიოზულს არაფერს უნდა ველოდოთ და მმართველი გუნდი თავს მშვიდად გრძნობს. თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ აქტიური ჩანს არა მხოლოდ „სახალხო კრება“, არამედ „ქართული პარტიაც“, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების ჩატარება უკვე დაიწყო და არავინ იცის, როდის შეიკრიბებიან ისინი თბილისის ქუჩებში.

საეჭვოა, რომ ოქრუაშვილის პარტიამ, რომელსაც „სახალხო კრების“ „ქომაგ“ ნინო ბურჯანაძესთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს, აქციის ჩატარება 26 მაისს, თანაც, ცენტრალურ გამზირზე გადაწყვიტოს, რადგან კრების აქტივისტებთან შეერთება მოუწევს, თუმცა თავად კრების წარმომადგენლები საკმაოდ თავდაჯერებულნი ჩანან და არავინ იცის, რა მოხდება თავისუფლების მოედანზე, თუ არც მათ და არც ხელისუფლებამ პოზიციები არ დათმო.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ აღლუმის თავისუფლების მოედანზე ჩატარების შესახებ განცხადება სიმშვიდის დემონსტრირებისთვის გააკეთა, თუმცა, ალბათ, ისიც ნათელია, რის დემონსტრირება სურდა „სახალხო კრებას“, როცა საპროტესტო აქციების დაწყების თარიღად 21 მაისი გამოაცხადა. საზოგადოებისთვის, ალბათ, ნაკლებად დამაჯერებელი იქნება, თუ იტყვიან, რომ პერმანენტული აქციების დაწყების თარიღის აღლუმამდე დანიშვნა უბრალო დამთხვევა იყო და მეტი არაფერი. უკვე აშკარად შესამჩნევია, რომ ქალბატონი ბურჯანაძე ყოველთვის სწორედ იმავე მეთოდებით მოქმედებს, რაზეც ხელისუფლების მისამართით იშვერს თითს, თუმცა ეს უკვე აღარავის უკვირს – ისიც ხომ, სხვების მსგავსად, „ყოფილი ნაციონალია“.

ამასთან, საინტერესოა ისიც, რამდენად გრძნობს და იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ყოფილი სპიკერი იმ შემთხვევაში, თუ კრების მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის რაიმე ინციდენტს ექნება ადგილი, რის მაგალითებიც არაერთხელ გვქონია და რაც მსგავს ოპოზიციონერებს იმის დემონსტრირებისთვის სჭირდებათ ხოლმე, როგორი დაუნდობელია ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ. ხელისუფლების მსგავს ქმედებას არავინ ამართლებს, თუმცა გასამართლებელი არც იმ ოპოზიციონერთა ქმედებებია, რომლებიც, ასევე, დაუნდობელი არიან სწორედ ამ ხალხის მიმართ, როცა ქვეყნის მოსახლეობას ანკესზე წამოსაგებ ჭიაყელასავით უყურებენ.