საზოგადოება
როგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან იუწყება, ზუგდიდის ცენტრში განთავსებულ „სახალხო კრების“ სამეგრელოს
ორგანიზაციას ყოველდღიურად აკითხავს საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და ასაკის წარმომადგენელი ინფორმაციის მისაღებად. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ქალბატონი ზამირა ღადუას განცხადებით, ისინი მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ. „მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. განზრახული გვაქვს, ყველა ოჯახში მივიდეთ და გავაცნოთ ჩვენი გეგმები და მიზნები. მოსახლეობას ჩვენი იმედი აქვს, ჩვენც გვაქვს მათი იმედი, ამიტომაც ყოველნაირად ვცდილობთ, ეს იმედები გამართლდეს“, – აღნიშნა ქალბატონმა ზამირამ. მისი თქმით, ხელისუფლებისგანაც არის პროვოკაციები მოსალოდნელი, მაგრამ ამისათვის ყოველნაირად მზად არიან. „ხალხი მოდის და გვეუბნება, თუ რა გააკეთოს, სად შეიკრიბოს. ვიცით, რომ ხელისუფლება ყოველნაირად დაბლოკავს ჩვენი მხარდამჭერების თბილისში ჩაყვანას, ამიტომაც თადარიგს ვიჭერთ, რათა მოხერხდეს მათი თბილისში ჩასვლა“, – განაცხადა ზამირა ღადუამ.გავრცელებული ვერსიით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე ემზადება დედაქალაქში წასასვლელად, რათა მოხვდეს 21 მაისს დანიშნულ საპროტესტო აქციაზე.