საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 1 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სუფელ საყულიაში სამართალდამცველებმა „გამაფრთხილებლად“ გაისროლეს. შსს-ის ინფორმაციით, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე 29 მაისს სოფელ გუმათის მახლობლად პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის გამო დააკავეს. დაკავებულ აქტივისტს ბრალი წარუდგინეს. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს-ს თავდაპირველ განცხადებაში გამაფრთხილებელ გასროლაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მედიისთვის მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, უწყებამ მეორე, შესწორებული განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ადგილობრივები პირის დაკავებას შეეწინააღმდეგნენ, პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს, შეეცადნენ მათ გაჩერებას და დაკავებულის გათავისუფლებას. შსს-მ ასევე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგანს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.
მედიასაშუალებები თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ სოფელ საყულიას სასაფლაოზე დაკავების დროს ორი პირი ფეხში დაიჭრა. დაკავებულის ძმამ განაცხადა, რომ სპეცრაზმის წევრები „გინებითა და ფეხებში სროლით“ შეცვივდნენ სასაფლაოზე. პოლიციამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის წინააღმდეგ ძალადობას გულისხმობს და შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„ნამახვამჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის პროპორციულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისი თქმით, დაკავებული პირი პოლიციას არ ემალებოდა. მისივე თქმით, 29 მაისის შეხლა-შემოხლის დროს დაკავებულის მოქნეული ხელი პოლიციელს მოხვდა, თუმცა ეს ქმედება გამიზნული არ ყოფილა.
გოლეთიანმა ხელისუფლება პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა, რათა „პროცესი სრულ დესტრუქციაში გადავიდეს“ და მათი დისკრედიტაცია მოხდეს. მანვე დასძინა, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს.
უკვე რამდენიმე დღეა, აქციის მონაწილეები „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ პროტესტს პოლიციის მიერ სოფელ გუმათში აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით გამოხატავენ.
აქციის მონაწილეები გუმათში 26 მაისს მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც ოთხი დღის განმავლობაში აქციები თბილისში გამართეს. დაძაბულობის გამწვავების ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 31 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას, ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, არც წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენება გამორიცხა.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ საყულიაში დააკავეს პირი, რომელიც გუმათში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
Civil.ge