საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან არიან შეკრებილი. ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპანიის საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ და ამ პროცესში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ.
შუქრუთის მცხოვრებლები უკვე მე-20 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ოჯახებმა კომპენსაცია სამხარაულის ექსპერტიზის შეფასების საფუძველზე მიიღონ.
მათი თქმით, ზარალის ანაზღაურებას 2019 წლიდან ითხოვენ, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგებლები მათ პირობებს არ ეთანხმებიან.
„ორი წლის განმავლობაში ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი, კომპანიამ აიღოს პასუხისმგებლობა და სრულად აანაზღაუროს, რაც მისი საქმიანობის შედეგად განადგურდა. მოთხოვნა იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის პირისპირ არ დავეტოვებინეთ და ამ პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ ჩვენ მოთხოვნას არ გამოეხმაურა არავინ და იძულებული გავხდით, ამ ზომამდე მივსულიყავით. ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი ქონება შეაფასოს ნეიტრალურმა აუდიტმა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. ჩვენ ამის შესახებ კომპანიისგან არაფერი მოგვისმენია. ჩვენი შეუთანხმებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი არის, რომ დღემდე კომპანია ამაზე კატეგორიულ უარს გვეუბნება. არასოდეს კომპანიის არც ერთი წარმომადგენელი არ დამკავშირებია, არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, არც ხელშეკრულებას არ ვიცნობ“, – განაცხადა შუქრუთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ კომპანია მზად არის, შუქრუთის იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც აქციებს მართავენ, მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს.
ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, კომპანია თანახმაა, მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, ზიანის ოდენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განსაზღვროს. კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გაგრძელდება და პრობლემა აღმოიფხვრება.