პუბლიკაციები
ელენე ჩაჩუა: „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე პრივილეგიური სწორედ საქართველო იყო!“

nishetaსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საერთო ნაციონალური გაზეთის – „სვობოდნაია გრუზიას“ – მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე ელენე ჩაჩუა.

ჟურნალისტური „ნათლობა“ მიიღო გაზეთ „ვეჩერნი ტბილისში“. 20 წელზე მეტხანს დედაქალაქს ემსახურა, შემდეგ კი გადაწყვიტა, მთელ რესპუბლიკას „გადასწვდომოდა“ და „ზარია ვოსტოკაში“ გადაინაცვლა, რომელსაც გარკვეული ხნის მერე „სვობოდნაია გრუზია“ ეწოდა. 

თავად ელენე ჩაჩუას აღიარებით, ერთადერთი, რის გაკეთებაც მაღალ დონეზე შეუძლია, მასალების წერა და კატლეტების კეთებაა.

თუმცაღა, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა კულინარია არაა. წარსულსა და აწმყოზე ვისაუბრებთ, დროებასა და წილხვედრზე; ცხოვრებასა და მის მრავალფეროვნებაზე.

– ჟურნალისტის პროფესიის ერთხელ არჩევის შემდეგ, ჩანს, მას მრავალი წლის განმავლობაში უერთგულეთ...

– იმდენად დიდი ხნის განმავლობაში, რომ დღეს, როცა ახალგაზრდა კოლეგებს ვუყურებ (ამჟამად კი, ძირითადად, მათი ხილვა მხოლოდ ტელეეკრანებზე შეიძლება!), თავს ცხოვრებისგან დაბრძენებულ კუ ტორტილად ვგრძნობ და ტორტილასავით სევდიანად ვამბობ: „მეც ასეთი ვიყავი სამასი წლის წინათ...“ ან, შესაძლოა, არც მთლად ასეთი... ეგებ ცოტა მეტი აღფრთოვანებით შევხვდი ჟურნალისტურ საძმოსთან ზიარებას. საინტერესოა, რედაქციის შენობაში შესვლისას ისინი ისევე, როგორც ოდესღაც მე, დარწმუნებული არიან, რომ გარშემომყოფთა აღფრთოვანებული და შურიანი მზერა აცილებთ?! სავარაუდოდ, არა. თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ ვერცერთი გამვლელი ვერ მიხვდება, საით მიეშურებიან.

ქართველ ჟურნალისტებს აღარ აქვთ საერთო სახლი, როგორიც იყო „ზარია ვოსტოკას“, გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობები, რომელთა მისამართებიც ტაქსის ყველა მძღოლმა იცოდა.

„სამასი წლის წინათ“ პირველი სარედაქციო დავალება მივიღე და მას შემდეგ, რაც ჩემი გვარის ქვემოთ პატარა ჩანაწერი გამოქვეყნდა (ასეთებს „წკიპურტებს“ ვეძახდით), მტკიცედ დავიჯერე, რომ ამიერიდან ცნობილი გავხდი. მეორე დავალება კი ჩამივარდა. მწერალთა კავშირში გამგზავნეს, სადაც, როგორც მითხრეს, „რაღაც შეხვედრა“ უნდა გამართულიყო. დარბაზში ჩემმა გამოჩენამ გარკვეული შეცბუნება გამოიწვია, რაც, ამპარტავნულად, ჩემს განუმეორებლობას მივაწერე.

თურმე როგორ ვცდებოდი! როგორც აღმოჩნდა, ეს ჩვეულებრივი შეხვედრა არ იყო. მთელი საბჭოთა კავშირიდან ცნობილი მწერლები ჩამოვიდნენ, ადგილობრივ პრესას პირველი პირები – რედაქტორები ან მათი მოადგილეები, წარმოადგენდნენ. და აი – „მოვლენაც“: თვით საქალაქო გაზეთის შტატგარეშე კორესპონდენტი! თუმცა, რაკიღა შტატგარეშე კორესპონდენტს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ბედმა როგორ გაუღიმა, ამაყად გაემართა გრძელი მაგიდის ცენტრისკენ. უცებ ორი კაცი შემოვიდა, ერთი – ჩოხიანი. თვალებს არ დავუჯერე – კონსტანტინე გამსახურდია! მეორე თარჯიმანი აღმოჩნდა. გამსახურდიამ, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა რუსულ ენას, სტუმრებს ქართულად მიმართა, რაც იმხანად ნონსენსს წააგავდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს აქცია იყო – გაცილებით ადრინდელი, ვიდრე სტუდენტებმა ჩაატარეს მშობლიური ენის დასაცავად...

თუმცა არ ვუსმენდი არც მას და არც თარჯიმანს. „კლასიკოსი, ჩემ წინ ცოცხალი კლასიკოსია!“ – აღფრთოვანებით ვიმეორებდი გულში და თვალს არ ვაცილებდი, ხოლო როცა ღონისძიება დასრულდა, ელდანაცემმა დავხედე ბლოკნოტის თეთრად მოქათქათე ფურცელს...

მერე იყო მრავალი შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან, განსაკუთრებით, ჩამოსულებთან: ვლადიმირ ვისოცკი, არკადი რაიკინი, ვოლფ მესინგი, შვედეთის პრინცი ბერნადოტი... თუმცა ჯობია, ამ თემაზე აღარ ვილაპარაკო. სხვაგვარად, კიდევ დიდხანს ვერ გავჩუმდები.

სხვათა შორის, მახსოვს, როცა ესტრადის ცნობილ წყვილ მირონოვასა და მენაკერს ვკითხე – ყველაზე მეტად რით გააკვირვა თბილისმა, მარია ვლადიმიროვნამ დაუფიქრებლად მომიგო; „ხალხო! არასოდეს მინახავს ამდენი მოღიმარი სახე! სანამ თქვენკენ რუსთაველის პროსპექტით მოვეშურებოდით, გაოცებულმა შევამჩნიე, რომ თითქმის ყველა იღიმოდა! მოსკოვში ასეთ რამეს ვერ ნახავთ“.

როგორ მინდა, გავიარო დღეს პროსპექტზე და ბევრი მოღიმარი სახე დავინახო! არადა, ხომ ასე იყო...

– აი სხვა თემაზეც გადავედით; გუშინ და დღეს. თქვენ არა მარტო ორ საუკუნეში, არამედ ამდენივე ისტორიულ პერიოდსა და სახელმწიფო სისტემაში მოგიხდათ ცხოვრება – იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოსა და თავისუფლებამოპოვებულ, დამოუკიდებელ საქართველოში. რომელი იგებს შედარებისას?

– სადავო არაა, რომ სახელმწიფოს, ადამიანივით, თავისუფლება და დამოუკიდებლობა სჭირდება. სხვაგვარად, ეს საპყრობილის რეჟიმია. თუმცა ვეთანხმები იმათაც, ვისაც მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან ყველაზე მეტი პრივილეგია სწორედ საქართველოს ჰქონდა.

როგორც ქვეყანას, საბჭოთა კავშირს პატივს ვცემ, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნს – არა. რასაკვირველია, სსრ კავშირი მსოფლიოში ყველაზე კარგი სახელმწიფო როდი იყო, მასში ბევრი რამ იყო უმაქნისი და უცნაური, მას ჩამოყალიბების წლებში სისასტიკეც არ აკლდა. მარტო მასობრივი რეპრესიები რად ღირს, ერის საუკეთესო შვილები, ინტელიგენცია, დიდი სარდლები რომ გაანადგურა?! საკმარისი იყო ერთი ანონიმური წერილი, აქაოდა ესა და ეს, საიმედო წყაროს ცნობით, აქადის სასარგებლოდ ჯაშუშობსო, რომ ეს უკანასკნელი კედელთან დასახვრეტად მიეყენებინათ ან შორეულ მხარეში 10 წლით გადაესახლებინათ. ამ საბრალო ადამიანის ბედის გამგებელს ცნობისმოყვარეობით ენციკლოპედიაში რომც ჩაეხედა და გამოერკვია, რომ ეს სახელმწიფო ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე განადგურდა, მაინც თითსაც არ გაანძრევდა ბედკრულის გადასარჩენად.

და მაინც, დროთა განმავლობაში ის იქცა სახელმწიფოდ, რომელსაც გულწრფელად სურდა საკუთარი ხალხის სიმპათიის დამსახურება. სხვა საქმეა, რომ კომუნისტებმა საბოლოოდ ვერ შეძლეს სისტემის ეფექტიანობის პრინციპულად გაუმჯობესება, რასაც გარდაუვალად უნდა გამოეწვია მისი კრახი.

– მოდი უფრო დავკონკრეტდეთ: რა შევიძინეთ და რა დავკარგეთ?

– ვისაც საბჭოეთის ქვეყანაში უცხოვრია, არასგზით უარყოფს, რომ სოციალურ დაცულობას გრძნობდა. საკმაოდ მაღალი პენსიები, რეგულარულად გაცემული ხელფასები, კომუნალური მომსახურებების სიმბოლური გადასახადი, უფასო განათლება, უფასო სამედიცინო მომსახურება, მასებისთვის ხელმისაწვდომი დასვენება, უმუშევრობის სრული არარსებობა... უფრო მეტიც – საზოგადოებრივად სასარგებლო შრომისთვის თავისამრიდებლები მილიციაში მიჰყავდათ.

სხვათა შორის, მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობით აღსავსე სოციალური პოლიტიკის ხსოვნა ბევრს დაეხმარა უკვე ახალი წყობის პირობებში მძიმე წლების გადალახავაში; როცა პროდუქტის შესაძენად არ ჰყოფნიდა ფული, თავად პროდუქტების უკმარისობა იყო, მაგრამ „გაჭირვება მიჩვენეო“ და იშვა ახალი კერძების რეცეპტები, რომელთა მთავარი კომპონენტიც სოიო იყო. გახსოვთ წიწიბურას კატლეტები?! დაფქული შავი პურის ყავა?!. საზიზღრობა იყო, მაგრამ რაკიღა ნამდვილი ყავა არ გვქონდა, რედაქციაში პურისას ვსვამდით... არ იყო შუქი, გათბობა, გაზი შეფერხებებით მოგვეწოდებოდა, სამაგიეროდ, აღსავსენი ვიყავით ოპტიმიზმით: „ეს ყველაფერი დროებითია, სახელმწიფო გასაჭირში არ მიგვატოვებს, ცხოვრების თვითდინებას არ გაგვატანს!“ ამასთან, მორალურად მზად ვიყავით ყოფაცხოვრების სირთულეებისთვის. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებმა პატიოსნად გაგვაფრთხილეს, რომ „ქამრების შემოჭერა მოგვიწევდა!“ ჰოდა, ჩვენც შემოვიჭირეთ, ზოგიერთებს ტანსაცმლის ორი ზომით დაპატარავებაც მოუხდა... მებრძოლებს კი ამის გასაჭირი არ ჰქონდათ...

დღეს ნამდვილი ყავის მირთმევა პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა თვითგადარჩენაა; სერიოზული პრობლემა!..

ყველაზე ვერ ვიტყვი, თუმცა, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს პესიმიზმი სძალავს. აბა, ოპტიმიზმი საიდან?! სახელმწიფო გაძლევთ პერსპექტივას ცხოვრებაში? უფასოდ ასწავლის უმაღლეს სასწავლებლებში და უნივერსიტეტთა კურსდამთავრებულებს სპეციალობით სამსახურით უზრუნველყოფს? – არა. გაქვთ კი მორალური უფლება, ავად გახდეთ ან, ღმერთმა დაგიფაროთ, საიქიოს გადასახლდეთ? – არავითარ შემთხვევაში!

როგორც საქართველოს ომბუდსმენმა სამართლიანად აღნიშნა თავის საანგარიშო მოხსენებაში, ოჯახის ერთი წევრის ავადმყოფობამ შესაძლოა, დანარჩენები სრულ სიღატაკემდე მიიყვანოს. სახალხო დამცველის აზრით, ჯანდაცვის მძლავრი სისტემა უზრუნველყოფს ყველას მკურნალობას, შემოსავლის დონისგან დამოუკიდებლად. „ჩვენში კი ადამიანები მკურნალობისთვის გაცილებით მეტს იხდიან, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლიათ“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ამავე დროს, 2010 წელს ჯანდაცვასა და სოციალურ საჭიროებებზე მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტი, ანუ ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების 23.4 პროცენტი დაიხარჯა, თუმცაღა ცხოვრება სულაც არ შეგვმსუბუქებია და არც ავადმყოფობასთან ბრძოლა გაგვიოლებია.

ის, რასაც სახელმწიფო პენსიას უწოდებს და რაც კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდასაც არ ჰყოფნის, სხვა არაფერია, თუ არა შემწეობა, მატერიალური დახმარება და არა დივიდენდები, რომელთა მიღების უფლებაც აქვს ადამიანს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როცა აუცილებელი მუშაობის სტაჟი უკვე დააგროვა და სახელმწიფო ხაზინაში თავისი შემოსავლების პროცენტებსაც წესიერად იხდიდა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის (ISFED) საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოაქვეყნა თებერვლის ბოლოს მის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. ეს გამოკითხვა მოიცავდა საქართველოს 5 რეგიონს – კახეთს, აჭარას, ქვემო ქართლს, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს. ჰოდა, გამოკითხულთა მესამედმა განაცხადა, რომ სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობს, საშუალოდ ოჯახის შემოსავალი თვეში 200 ლარს არ აღემატება! 21-ე საუკუნეში გყავდეს ღატაკი და მშიერი მოქალაქეები, სირცხვილია. თუმცაღა, როგორც ხალხური სიბრძნე ღაღადებს, სირცხვილს ვერსად გაექცევი. სირცხვილს ვერ გაექცევი მაშინაც, როცა საზარელ სანახაობას უმზერ – მოხუცს, რომელიც ნაგვის ყუთში იქექება... თუმცა სულ მინდა, თვალი ავარიდო... მაგრამ სირცხვილი, ისევე, როგორც სინდისი, მორალური კოდექსის მუხლია, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი, რომელიც ხელისუფალთ დასჯიდა იმის გამო, რომ ადამიანებს თვითგადარჩენისთვის ბრძოლას აიძულებენ, ჯიქურ ვერ ხედავენ ამ პრობლემას და მის გადასაწყვეტადაც არ ირჯებიან.

თუმცა ეგებ სახელმწიფო გიცავთ? სასამართლო სისტემა მოუსყიდავია, არ ექვემდებარება ბრძანებებს ზემოდან და მოსამართლეები მანტიებს იხევენ, რომ სამართლიანობამ იზემოს?! კი, როგორ არა, ელოდე!

ამგვარი კითხვა, რომლებზეც დადებითად ვერ უპასუხებ, სამწუხაროდ, მრავლადაა.

– ანუ არაფერი შეგვიძენია?

– ასე კატეგორიულადაც ვერ განაცხადებ. ჩვენ შევიძინეთ მთავარი: თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ცხოვრების პრინციპულად განსხვავებული ხარისხი. უბრალოდ, არასწორად განვკარგეთ ეს ფასეულობანი. და თუკი ყურადღება გარკვეული შეღავათების დაკარგვაზე გავამახვილე, რითაც, ალბათ, იმ ემოციური ხალხის გაღიზიანებასა და რისხვასაც კი დავიმსახურებ, რომელთაც მრავალრიცხოვანი პრობლემის არსში ჩაწვდომა არ სურთ, ეს მხოლოდ პატრიოტული მოსაზრებებით გავაკეთე. ეს ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლოა და ყველაზე რთულ დროშიც არ დამიტოვებია, თუმცა ამის შესაძლებლობა მქონდა.

უდავოდ, ბევრია გაკეთებული. დედაქალაქი გალამაზდა, გზები დაიგო, პოლიციელები ქრთამს აღარ იღებენ, მოგვეწოდება სინათლე, გაზი, წყალი, თუმცაღა, საგრძნობლად ძვირად...

დანაკარგზე ფიქრი კი ფუჭი და უაზრო საქმეა...

– ყველაზე მეტად რა გაღიზიანებდათ „ბოროტების იმპერიაში“?

– დიახ, სწორედ ასე უწოდა სსრ კავშირს რონალდ რეიგანმა. საკითხავია, რომელიმე ეპოქაში არსებობდა კი სიკეთის იმპერია? რაღაც ვერ ვიხსენებ. დღეს მსოფლიოში მხოლოდ ერთი იმპერიაა – აშშ. ამერიკელმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა რობერტ კეიგანმა თავის ქვეყანას „გულითადი“, ანუ „კეთილი იმპერია“ უწოდა. მისი აზრის გაზიარება შეიძლებოდა, რომ არა იუგოსლავიაში, ავღანეთში, ერაყში შეჭრა; რომ არა პატარა ქვეყნების საშინაო საქმეებში აშკარად ჩარევა, მათზე კონტროლის დამყარებისკენ სწრაფვა ადამიანთა უფლებების დაცვის ან, სულაც, ანგარების მიზნით...

ყველაზე მეტად რა მაღიზიანებდა? გამუდმებული წნეხი. სახელმწიფო არა მარტო მბრძანებლობდა ადამიანზე, არამედ თრგუნავდა; ძირშივე აღკვეთდა განსხვავებული აზრის ჩანასახებსაც კი. ბევრი რამ იკრძალებოდა. არ იყო სიტყვის, კულტურის, პოლიტიკის თავისუფლება. ცენზურა და საყოველთაო კონტროლი თავისუფლებისმოყვარე ლოზუნგებით ინიღბებოდა. დიახ, გამოგვეცხადა უცებ საჯაროობაც, რომელსაც კვალდაკვალ, როგორც ყოველთვის, მხნე ნაბიჯით ზედამხედველობა მოჰყვა...

ერთხელ ჩვენთან რედაქციაში სამოქალაქოტანსაცმლიანი პროფესიონალურად თავაზიანი „ხელოვნებათმცოდნე“ მოვიდა, საქაღალდიდან უბის წიგნაკი ამოაძვრინა და ხმადაბლა წაგვიკითხა ჩვენ მიერ განსაიდუმლოებული ობიექტები. ვინანიებ, მრავალი მათგანი ჩემს სინდისზეა. არ ვიცოდი, რომ, მაგალითად, წყალგაყვანილობის გარკვეული მონაკვეთის სიგრძე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო მტრის სმენისათვის!“

– თქვენი აზრით, ამ ორ სისტემას რაიმე საერთო აქვს?

– სამწუხაროდ, აქვს. ძირითადად, იდეოლოგიის სფეროში. მსგავსი პოსტულატები, ერთნაირი დირექტივები, სიტყვით გამოსვლა და ლოზუნგები!

ალბათ, გახსოვთ ბოლშევიკების ლოზუნგი: „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია!“ ის დირექტივად, მოქმედების სახელმძღვანელოდ იქცა. კარიერის გაკეთება მხოლოდ კომუნისტური პარტიის იდეალების მომხრეს, მის წევრს შეეძლო.

ანალოგიური ხდება დღესაც. მმართველი პარტიის წევრებისთვის ყველა კარი ღიაა.

„ყარაული დაიღალა!“ – განმარტა მეზღვაურმა ჟელეზნიაკმა დამფუძნებელთა კრების დაშლის მიზეზი, რის შემდეგაც, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, რუსეთში რევოლუცია სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

80-იან და, განსაკუთრებით, 90-იან წლებში საბჭოთა ხალხი დაიღალა... ლაქლაქისა და სიცრუისგან! აღარ სჯეროდა მიზნების, რომლებიც აშკარად მიუღწეველი ჩანდა და კომუნისტური იდეოლოგიის შეუმდგარობაც თვალსაჩინოდ დაინახა. ხელისუფლებამ ავტორიტეტი და, შედეგად – ნდობაც დაკარგა. იმპერიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ქართველი ხალხი დაიქანცა... ლაყბობისა და სიცრუისგან! დიდი ხანია, აღარ სჯერა ხელისუფლების მიერ უხვად გაცემული დაპირებებისა ნათელი მომავლის შესახებ, რომელიც სადაცაა დადგება; პენსიების გაზრდის, ვითომდა გაყინული ინფლაციის შესახებ, თუმცა პროდუქტის ფასები დღითიდღე იზრდება; უმუშევრობასთან უკომპრომისო ბრძოლის დაპირებისა, რომელიც ჰეროიკულად უმკლავდება შემოტევას...

„სახელმწიფოში საკმარისად უნდა იყოს საკვები და იარაღი და ხალხი მმართველს უნდა ენდობოდეს... შეიძლება უარი თქვა იარაღზეც და საკვებზეც... მაგრამ ხალხის ნდობის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს“... ეს კონფუციმ თქვა.

ამბობენ, რომ ისტორია მეორდება, მაგრამ უკვე ფარსის სახით. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს საბჭოთა სცენარის მიხედვით მოხდეს. მაშინ ჩვენთვის ეს ფარსი კი არა, ტრაგედია იქნება...

 

ესაუბრა

ნანა ცინცაძე