საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლებმა 26 მაისს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწიეს და 8-დღიანი გაფიცვა დაასრულეს, რის გამოც „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნა „პარალიზებული“ იყო.
„დასაქმებულთა მოთხოვნების უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილდება“, – განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანებამ და დასძინა, რომ პროტესტის ფონზე შეიცვალა სს ბორჯომის ადმინისტრაცია და დირექტორი. „ახალი დირექტორი, წინასგან განსხვავებით პროფკავშირებთან დიალოგზე წამოვიდა და პროცესის პოზიტიურ გადაწყვეტას შეუწყო ხელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
8-პუნქტიან შეთანხმებაში, რომელსაც ხელს კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი და აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აწერენ, ნათქვამია, რომ გაიზრდება თანამშრომელთა ხელფასები და მათ ზეგანაკვეთური საათებიც აუნაზღაურდებათ. აგრეთვე, კომპანია გარანტიას იძლევა, რომ გაფიცვაში მონაწილე თანამშრომელთა მიმართ რაიმე ღონისძიებას არ გაატარებს და გამოთქვამს მზადყოფნას „აქტიურად“ ითანამშრომლოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან.
ასევე, შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავეთა ხელფასები გათანაბრდება და ინდივიდუალურ ხელშეკრულებებში დაზუსტდება დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები. ვაკანსიების შემთხვევაში, პრიორიტეტი კომპანიის შიგნით დასაქმებულებს მიენიჭებათ.
ხელფასების ზრდის, დასვენების დღეებისა და შესვენების ქონის უფლების, ასევე კომპანიაში „პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის“ მოთხოვნით „ბორჯომის“ თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ბორჯომის ქარხნებს შპს IDS Borjomi Georgia მართავს, რომელიც რუსეთში მდებარე „ალფა ჯგუფის“ საკუთრებაა.