საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი მოსამართლე წევრი აირჩიეს. ახლად არჩეული წევრები არიან: ბადრი შონია, თემურ გოგოხია, გოჩა აბუსერიძე და ლევან მიქაბერიძე.
კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო კონფერენციის მონაწილე 291-მა მოსამართლემ. კანდიდატებს კონფერენციის მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კერძოდ, ბადრი შონიამ მიიღო 281 ხმა, თემურ გოგოხიამ – 278, გოჩა აბუსერიძემ – 275, ხოლო ლევან მიქაბერიძემ - 283.
გოჩა აბუსერიძის განცხადებით, მზად არის, ითანამშრომლოს ყველა სექტორის წარმომადგენელთან. ამასთან, საბჭოს ახლად არჩეული წევრები არ ეთანხმებიან აქციის მონაწილეთა შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, ისინი აირჩიეს მხოლოდ იმის გამო, რომ „მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების მფარველობით სარგებლობენ“. საბჭოს ახალი წევრების თქმით, არჩევის პროცესი იყო გამჭვირვალე და კანდიდატები თავად მოსამართლეებმა დაასახელეს.
საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი შენგელიასა და ირაკლი ბონდარენკოს უფლებამოსილების ვადა 24 ივნისს ეწურება.
მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია გაიმართა. შეკრებილები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის გადადებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება „სასამართლო კლანის გაძლიერებას“ ცდილობს.