საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს სახმელეთო საზღვრების ეტაპობრივად და ეპიდვითარების კონტროლით გახსნა მყისიერად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის, ლარის კურსის დასტაბილურებაზეც. განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები უცხოელი ვიზიტორებისთვის გაიხსნება.
„ახლა ყველა ვხედავთ, როგორ ზემოქმედებს ლარის კურსზე სხვადასხვა ფაქტორი და პირველ რიგში, ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსავლები, ასევე ის დადებითი მოლოდინები, რომელთაც ეს ფაქტი ქმნის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნა გამოიწვევს ტურისტების რაოდენობის ზრდას, ეს კი მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება.
როგორც თურნავამ აღნიშნა, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო, სარესტორნო ინდუსტრიას შეეხება - 1 ივნისიდან საქართველოში რესტორნები და კვების ობიექტები კლიენტების მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით დახურულ სივრცეებშიც შეძლებენ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვისაც და რა თქმა უნდა, სარესტორნე ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პირველი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა და გააუქმა რეგულარული ავიარეისები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა ნებადართული იყო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან და ასევე ტვირთის სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.
საქართველომ საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ჯერ ისევ დაკეტილია. ამ არხებით სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს.
უცხოელებს ქვეყანაში ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ. ამჟამად საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს.