პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს და კეთილდღეობას უსურვებს

prez_milocvaრუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს სადღესასწაულო მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ვეტერანებსა და ქართველ ხალხს 9 მაისი მიულოცა და აყვავება და კეთილდღეობა უსურვა.

„გულითადად გილოცავთ მნიშვნელოვან დღესასწაულს – გამარჯვების დღეს. გაზაფხულის ამ დღეებში საქართველოსა და რუსეთის ხალხები კვლავ იხსენებენ ჩვენს საერთო მდიდარ ისტორიას და პატივს მიაგებენ გმირ განმათავისუფლებლებს, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ და შეძლეს, დაეცვათ მამულის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია მიმართვაში.

„გამარჯვება საშინელ ფასად დაგვიჯდა – ყოველ ოჯახში დანაკარგით გამოწვეული მწუხარება იგრძნობოდა. ჩვენი საერთო ვალია, გავუფრთხილდეთ გამარჯვებულთა გმირობის წმინდა ხსოვნას, ჩავუნერგოთ ახალგაზრდა თაობას პატრიოტიზმისა და საერთო გამარჯვებით გამოწვეული სიამაყის გრძნობა“, – აღნიშნა მედვედევმა მიმართვაში.

„რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ქართველ ხალხთან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის საუკუნეებით განმტკიცებული ტრადიციების ერთგული. ჩვენ გვსურს, საქართველო ვიხილოთ მეზობლებთან მშვიდობიანად მცხოვრებ აყვავებულ და თავისუფალ სახელმწიფოდ“, – ნათქვამია იქვე.

„ამ დიად დღესასწაულზე მინდა, სამამულო ომის ქართველ ვეტერანებს გადმოგცეთ კეთილი სურვილები, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, საქართველოს ხალხებს კი კეთილდღეობა და სტაბილურობა ვუსურვო“, – აღნიშნულია მედვედევის მიმართვაში საქართველოს მოქალაქებისადმი.