საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თვის ბოლოს „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს შეხვდება.
„მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პროექტთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობამ მოიწვია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს.
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს მზაობა იყო, არის და იქნება, გაგრძელდება მზაობა ჩვენი მხრიდან. ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი. არაერთი მცდელობა გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე და გუბერნატორი, მთელი სამინისტროები იყვნენ ჩართული და არიან ჩართული. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ მოვიწვიეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს. ასევე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლონ, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა აღნიშნული პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.