პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვედრა შესთავაზა

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვედრა შესთავაზა, რათა გაიგოს, სურთ თუ არა მათ – ხელისუფლებასთან დიალოგში პარლამენტი ჩაერთოს.

მან მათ შეხვედრის ფორმატიც შესთავაზა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა კუჭავამ თავად განუცხადა.

„ნამახვანჰესის" მშენებლობის ათასობით მოწინააღმდეგე კვირას თბილისში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და საკუთარი მოთხოვნების შესრულება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-სთან რიონზე ჰესის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივად გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.

„შეხვედრასთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანს დავუკავშირდით, რათა გამეცნო და მომესმინა, რამდენად ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება“, – განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს. ის წინადადებით გამოვიდა, რომ შეხვედრა პირდაპირ გადაიცეს სოციალური ქსელის მეშვეობით.

„ისინი თუ ჩათვლიან, რომ ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ლაივი იქნება ეს, ტელევიზია თუ სოციალური ქსელები“, – აღნიშნა კუჭავამ.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან არ გაიმართა, აქციის მონაწილეები მარშით რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლისკენ გაემართნენ და მოძრაობა გადაკეტეს.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, თუ მთავრობა მათი მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვის, ისინი „ქალაქის პარალიზებას“ მოახდენენ.