საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველომ და აშშ-ის საერთაშორისო განვთიარების სააგენტომ (USAID) დღეს, თბილისში, საქართველოსთვის 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას მოხმარდება. თანხა ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად 330 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
USAID-ი დაფინანსებას საქართველოში ახალი პროგრამების შესაქმნელად გამოიყენებს. ეს უკანასკნელი ქვეყანაში 260 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 36 მიმდინარე პროექტს უკვე ახორციელებს. შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გრანტი არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის არის კონფლიქტების მოგვარება, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება და სხვ.
თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ გრანტი აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში მნიშვნელოვანი “წინგადადგმული ნაბიჯია“.
1992 წლიდან საქართველოსადმი USAID-ის დახმარება ჯამში 1.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.