საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ვენეციის კომისიამ უკვე მიიღო საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებული ცვლილებები, ხოლო საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით მათ მისაღებად მზადაა.
საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი უკვე შევიდა პარლამენტში და მან უნდა შეარიგოს ოპოზიცია და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და არჩევნებთან დაკავშირებული უთანხმოება გადაჭრას.
მხარეები მთლიანობაში კმაყოფილი არიან მიღწეული შედეგით, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა მთავარი ოპოზიციური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, რომელიც დღემდე უარს აცხადებს პარლამენტში მუშაობაზე. მაგრამ ოპოზიციას დარჩა შენიშვნები, რომლებსაც ის კანონპროექტის უკვე საპარლამენტო მოსმენებზე გააჟღერებს.
პრეტენზიები გააჩნია არასაპარლამენტო ოპოზიციასაც, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ ის ცვლილებებზე მიმდინარე მუშაობაში არ ჩართეს.
პროექტი არ ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის და პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს ხუთი წევრის გადადგომას.
მაგრამ თავად ცესკოს შემადგენლობა 11-დან 17 კაცამდე გაიზრდება, საიდანაც ცხრა იქნება პარტიების წარმომადგენელი, ხოლო რვას პარლამენტი დანიშნავს. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება.
თანამდებობაზე დასანიშნად თითოეულმა კანდიდატმა მინიმუმ 100 დეპუტატის ხმა უნდა მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატურა ოპოზიციამაც უნდა მოიწონოს.
ანალოგიური პრინციპით - 17 11-ის ნაცვლად - საოლქო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება. კომისიის თითოეული დამოუკიდებელი წევრის არჩევა კომისიის წევრთა არა ნახევრის, არამედ მესამედის თანხმობას მოითხოვს.
ხოლო მთავარი სიახლე - ელექტრონული კენჭისყრა უბნებზე - არ განხორციელდება. დეპუტატები ახლა მუშაობენ კენჭისყრის ახალ სისტემაზე, რომლის მეშვეობით უნდა გამოირიცხოს გაყალბება.
გარდა ამისა, ინერგება მეტად დაცული ბიულეტენები. თითოეულს ექნება სპეციალური შტრიხკოდი, რომელსაც ამომრჩევლისთვის გადაცემის დროს სპეციალური პროგრამა ამოიკითხავს. ამგვარად ავტორები ცდილობენ დაიცვან პრინციპი - „ერთი ბიულეტენი - ერთ ხელში“. ანალოგიურ შტრიხკოდს ამოიკითხავს კონტროლიორი, რომელიც ურნებში ბიულეტენების მოთავსების პროცესს აკვირდება.
გარდა ამისა, ხმების დათვლის დროს ცესკოს ვებგვერდზე გამოჩნდება არამარტო ოქმები, არამედ ვიდეოჩანაწერები, სადაც საუბნო კომისიები შედეგებს აცხადებენ.
Sputnik-Georgia