პუბლიკაციები
ლუგარის ლაბორატორია თბილისში: „კუხო“ „შეცდომით" ბიოლოგიური საფრთხეების შესახებ აცხადებს

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნებული ბიოლოგიური კვლევითი ცენტრები, მათ შორის, თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრი, კვლავაც მოსკოვისა და მისი მოკავშირეების სამიზნეა. რუსეთის წინამძღოლობით მოქმედმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ОДКБ) 19 მაისის განცხადებაში ბიოსაფრთხეებზე ისაუბრა და ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ხელშეკრულების წევრი ორგანიზაციების (რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ გაცხადებაში აღნიშნეს, რომ ეწინააღმდეგებიან კონვენციის ფარგლებში შემოწმების ნაცვლად აღნიშნულ ცენტრებში ნებაყოფლობითი შემაფასებელი ვიზიტების გამართვას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან მისი შესაბამისობის საკითხის შესაფასებლად სტუმრობა მოითხოვა.

„კუხო-მ“ ასევე განაცხადა, რომ 2001 წლიდან ბიოლოგიური აგენტების იარაღად გამოყენების რისკი გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონვენციის შესასრულებლად სავალდებულო ოქმის შემუშავებაზე მრავალმხრივი მოლაპარაკებები შეჩერდა.

„კუხო-ს“ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, იური ავერიანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მოამზადებს წინადადებებს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ კვლევით ცენტრებთან ასოცირებულ „საფრთხეებთან“ დასაპირისპირებლად. მისივე თქმით, ამ ლაბორატორიებში შექმნილი „სასიკვდილოდ სახიფათო მიკროორგანიზმები“, შესაძლოა, გარემოში „ვითომ შეცდომით“ გაუშვან. ავერიანოვის განცხადებას მაშინ პეკინიც გამოეხმაურა, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თანახმად, ჩინეთმა „არაერთხელ მიმართა ამერიკულ მხარეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აშშ-ის ბიო-სამხედრო საქმიანობების შესახებ დეტალური განმარტებისათვის“.