ბეჭვაიას გულშემატკივრობა „ვიტ ჯორჯიას“ მოსაგებად არ ეყო
პირველად, თასის გათამაშების ისტორიაში, ფინალურ შეხვედრაში პირველი ლიგის გუნდი ითამაშებს. როგორც საქინფორმმა მკითხველს უკვე აცნობა, თბილისის „ვიტ ჯორჯია“ რამდენიმე დღის წინათ უსიამოვნო სკანდალში გაეხვა და გუნდის ერთ-ერთი წევრი გიგა ბეჭვაია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამო დაკითხა. სწორედ ამ ამ მიზეზით ფეხბურთელი მომდევნო შეხვედრისას გუნდს დააკლდა. წინა ტურში მიღებული ტრავმის გამო „ვეტერინარებს“ ვერც ლაშა კასრაძე დაეხმარა.
პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის გაგრელთა გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. შესაბამისად, განმეორებით შეხვედრაში, „ვიტ ჯორჯიას“ ფინალში გასვლის შანსი მცირე იყო. პირველი გოლი „გაგრამ“ გაიტანა. შალვა კვანტალიანი და მეკარე ძაძამია ერთმანეთს შეასკდნენ, მიუხედავად მსაჯის სასტვენისა, ბურთი კარში შეგორდა და მატჩის მთავარმა არბიტრმა გოლი ჩათვალა და ჯარიმა აღარ დანიშნა. მასპინძლებმა გათანაბრება რამდენიმე წუთში შეძლეს. ჩიმაკაძემ მეტოქის მეკარეს შანსი არ დაუტოვა. დანარჩენი სამი გოლი მცველთა და მეკარე ძაძამიას უშუალო „დამსახურებით“ გავიდა. გოლის მომენტში მასპინძელთა კარის კიპერი კარში საერთოდ არ მდგარა. შესაბამისად, ოვონიკოკომ ორჯერ (56-ე და 69-ე წუთებზე) აიღო „ვეტერინართა“ კარი, ხოლო ჩიმაკაძემ სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა. შეხვედრას წერტილი დავით ციცხვაიამ 90-ე წუთზე დაუსვა. მაისაშვილი, რომელიც მცველის ფუნქციებს ითავსებს ბოლო ორ შეხვედრაში, საკუთარი გუნდის მეკარესთან შეჯახების შემდეგ მძიმედ დაშავდა. ამ დროს გოლიც გავიდა, თუმცა თბილისელებს ამისთვის აღარ ეცალათ. მაისაშვილი ტვინის მძიმე შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას ხერხემალიც აქვს დაზიანებული. თასის მოქმედი მფლობელი კი გათამაშებას გამოეთიშა და „ზესტაფონთან“ შარშანდელი დაფიქსირებული შედეგის გამეორება ვეღარ შეძლო. გუნდიდან მოკვეთილი გიგა ბეჭვაია თანაგუნდელების საგულშემატკივროდ იყო მისული, მაგრამ ტრიბუნიდან მისი ქომაგობა გუნდს მოსაგებად ნამდვილად არ ეყო... მეორე ფინალისტის ვინაობა კი ზესტაფონში გაირკვა. ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი თამაში 1:0 მოიგო. განმეორებითი იმერული დერბი უგოლოდ დასრულდა. 26 მაისს თასის ფინალს „ტორპედო“ მეექვსედ ითამაშებს.